"ქვეყნის დემოკრატია ბეწვზეა" - მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება The Washington Post-ზე

"ქვეყნის დემოკრატია ბეწვზეა" - მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება The Washington Post-ზე

"ჩემი ქვეყნის დემოკრატია ბეწვზეა ამ შაბათ-კვირას" - ამ სათაურით გამოცემა The Washington Post პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას აქვეყნებს.

მიხეილ სააკაშვილი მოსაზრებაში ქართული ოცნების ანტიდასავლურ პოლიტიკასა და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის მომავლისთვის და შედეგებს გავლენა ექნება მათ შორის შავი ზღვის რეგიონზე, უკრაინის ჩათვლით.

მოსაზრებაში მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ 12 წლის განმავლობაში ქართული ოცნების დამფუძნებელი საქართველოს, ძირითადად, კულისებიდან აკონტროლებდა.

ასევე აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქონების უდიდესი ნაწილი რუსეთში დააგროვა, ხელისუფლების ყველა წერტილს აკონტროლებს. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ იშვიათია ბიძინა ივანიშვილის საჯარო გამოჩენა, თუმცა მისი გავლენები აშკარაა.

მიხეილ სააკაშვილი პარალელს ავლებს ვენესუელის პრეზიდენტთან და აღნიშნავს, რომ ისევე როგორც ნიკოლას მადუროს, ასევე ბიძინა ივანიშვილის ქონება უეცრად გაიზარდა პერიოდში, როდესაც ქვეყნის ნაწილი სულ უფრო და უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ სიმდიდრის მიუხედავად, "მარიონეტ ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებით შეშფოთების საფუძველი აქვს". ის მიესალმება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.

ექს-პრეზიდენტი მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ საქართველოში სიტუაციას, მოახლოებულ არჩევნებს ყურადღებით აკვირდება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი ფიქრობს, რომ საქართველოზე კონტროლი მას აძლევს ძალაუფლებას დასავლეთთან ენერგეტიკულ კორიდორებზე. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვერ ეგუება დამოუკიდებელი საქართველოს ცნებას.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ 2012 წლამდე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე კულუარებში ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი შესაძლოა ყოფილიყო მოსკოვის "სადგური", თუმცა მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში "ჩამოეხსნა მას [ბიძინა ივანიშვილს] ნიღაბი".

მოსაზრებაში მიხეილ სააკაშვილი საუბრობს მაისში ინიცირებულ რუსულ კანონზე, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ასევე, ყურადღებას ამახვილებს ქართული ოცნების კონსპირაციებზე "გლობალურ ომის პარტიასთან" დაკავშირებით.

მიხეილ სააკაშვილს მოსაზრებაში მოჰყავს ამერიკის ხმის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ს შემუშავებული აქვს სანქციების პაკეტი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და აღნიშნავს, რომ სანქციების გარდა, რომელიც ამომრჩეველს მკაფიოდ მიანიშნებს, რომ "ქართულ ოცნებას" ქვეყანა დასავლეთის ორბიტისგან გადაჰყავს, აშშ-მა ხმამაღლა უნდა თქვა, რამდენად ყურადღებით დააკვირდება დარღვევებს ხმის მიცემის პროცესში არჩევნებზე. ის ამბობს, რომ არჩევნების მოპარვის შემთხვევაში, "ეს ყველაფერი გვიანი იქნება".

"იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა არ უნდა დაუშვან დამატებითი არასტაბილურობა ისეთ ადგილებში, როგორიცაა საქართველო", - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებაში.