ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე სერბეთის პრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე სერბეთის პრემიერმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

APnews-ის ცნობით, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე სერბეთის პრემიერმინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

ვუჩევიჩმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი გადადგომის მიზანი სერბეთში დაძაბულობის შემცირებაა.

"ამ პოლიტიკამ, რომელსაც მე ვეკუთვნი, პარტიამ, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, პარტიამ, რომელმაც გაიმარჯვა, უნდა გამოიჩინოს პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხი, შემოიღოს ახალი კანონები. ჩემი გადაწყვეტილებაა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადავდგე. მიზანი სერბეთში დაძაბულობის შემცირებაა. მე მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა პრეზიდენტ ვუჩიჩთან, მან ჩემი გადაწყვეტილება და არგუმენტები მიიღო", - აღნიშნა ვუჩევიჩმა პრესკონფერენციაზე.

გამოცემის ინფორმაციით, ვუჩევიჩის გადადგომა, სავარაუდოდ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევს. გადადგომა სერბეთის პარლამენტმა უნდა დაადასტუროს, რომელსაც ახალი მთავრობის ასარჩევად ან ვადამდელი არჩევნების დასანიშნად 30 დღე აქვს.

სერბეთში ყოველდღიური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 1 ნოემბერს, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე, მათ შორის სტუდენტები, პედაგოგები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. მიზეზად ისინი კორუფციას ასახელებენ.

გუშინ, სერბეთში გაფიცულმა სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ბელგრადში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგისტრალი, 24 საათით გადაკეტეს.