ქუთაისის საქალაქო სასამართლომ რძლის მკვლელობის მცდელობაში, ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 17 წელი მიუსაჯა.
პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბერში, ბრალდებული ქუთაისში, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს და მასზე იძალადა. ასევე ბრალდებულმა 2022 წლის 18 ოქტომბერს, დაზარალებულის მკვლელობა სცადა, რა დროსაც დანით დაზიანებები მიაყენა.
დაკავებულს ბრალად წარუდგინეს ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობა; ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა და მუქარა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.