ფეხბურთელ გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ქოჩორაშვილის ეროვნული ნაკრების წევრობა "მისი პატარა დამსახურებაც არის".
როინ ქოჩორაშვილი განცხადებას ტელეკომპანია ფორმულასთან აკეთებს.
"თქვენდამი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ კომენტარისგან, კახისაც ვურჩევ ნაკლები განცხადებები გააკეთოს საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებით! ეს ჩვენი ქვეყნისთვის და იმ საამაყო ბიჭებისთვისაც უკეთესი იქნება", - განუცხადა როინ ქოჩორაშვილმა ფორმულას.
"მე მასზე [გიორგი ქოჩორაშვილზე] კომენტარი არ გამიკეთებია. მინდა მას წარმატებები ვუსურვო. ის არის ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა. არასდროს მიკადრია და არ მიმიცია საზოგადოებისთვის ინფორმაცია, რომ გიორგი ქოჩორაშვილი რომ დღეს ეროვნული ნაკრების წევრია, ჩემი პატარა დამსახურებაც არის. რა, როგორ და რანაირად, ამაზე არ ვისაუბრებ და არც თემას გავშლი. გულწრფელად მინდა წარმატებები ვუსურვო მას", - თქვა კალაძემ.