"ახსნას რა თქვა", - თქვა პარლამენტის სხდომაზე გირჩის წევრმა, იაგო ხვიჩიამ, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ირაკლი ბერაიას გადაყენებას მოითხოვდა.
ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო დღეს პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციის წევრები განმარტებებს მოითხოვდნენ. სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება იყო ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის.
რამდენიმე ოპოზიციონერმა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ირაკლი ბერაიას გადაყენებაც მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ნათლად თქვა, რომ ეს არ მოხდებოდა.
იმ პერიოდის განმავლობაში კი, როცა დეპუტატები ბერაიას სიტყვების გამო კამათობდნენ, თვითონ კომიტეტის თავმჯდომარეს მიკროფონის ჩართვა არ მოუთხოვია და განმარტებები არ გაუკეთებია.
"რომ უნდა გადადგეს ბერაია, ამას რა მიხვედრა უნდა? [...] ჩამირთეთ მაშინ მიკროფონი, თქვენ რომ ლაპარაკობთ მარტო... მიკროფონი ჩაურთეთ დეპუტატებს და ვილაპარაკებთ, ქართულ ოცნებაში ეგრე ქალებთან "ბაზარი" მოსულა თუ არა. სხვა მეტი არაფერი. მე ეგრე ველაპარაკო თქვენს ქალებს?.. რა შემთხვევა, კაცო, არ პატიობს ის [თეონა აქუბარდია] უზრდელობას... უნდა გადადგეს, ეს მარტივი ამბავია. [...] ახსნას რა თქვა, "ყველგან ნამყოფი ენა" რას ნიშნავს თქვას კომიტეტის თავმჯდომარემ", - განაცხადა სხდომაზე გირჩის წევრმა იაგო ხვიჩიამ.
31 ოქტომბერს პარლამენტის სხდომაზე ქართული ოცნების წევრებმა ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ისინი სექსისტურ კონტექსტში მოიხსენიეს. ალუდა ღუდუშაური დაუპირისპირდა ნაციონალური მოძრაობის წევრ ანი წითლიძეს და მას "ბანძქალა" უწოდა.
რაც შეეხება ირაკლი ბერაიას, ის თავს დაესხა თეონა აქუბარდიას - მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც აქუბარდია მის კომიტეტს აკრიტიკებს, არის ის, რომ მას "მას არ ეძლევა სხვადასხვა პლატფორმების დეზინფორმაციისთვის გამოყენების საშუალება". გამოსვლის ბოლოს კი ბერაიამ თქვა, რომ აქუბარდიამ "მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".
მოგვიანებით ბერაიამ განაცხადა, "ბოდიშს იხდის", თუმცა აქვე დასძინა, რომ "წითელ ხაზებზე", რომელსაც არ შეეგუებიან. ამასთან, ის თავისი გამოსვლის გამართლებას იმით ცდილობდა, რომ ის აქუბარდიას განცხადებების "სიმძიმიდან გამომდინარეობდა".
აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის წევრების შეურაცხმყოფელი გამოსვლები რეაგირების გარეშე დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილმა მათ სიტყვა არ შეაწყვეტინა და არც მოგვიანებით მოუწოდებია, რომ შეურაცხყოფისგან თავი შეეკავებინათ.