ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურში ძმის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურის ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 2 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კიბეში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თოფიდან გასროლით მოკლა ძმა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის კ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა", - წერს უწყება.