ხაზარაძე სანქციებზე: აშშ-ში ადვოკატირებას ვუწევდი ბიზნესსტრუქტურებს, რომ გადარჩნენ

ხაზარაძე სანქციებზე: აშშ-ში ადვოკატირებას ვუწევდი ბიზნესსტრუქტურებს, რომ გადარჩნენ

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ აშშ-ში ვიზიტის დროს შეხვედრებზე ადვოკატირებას უწევდა იმ ბიზნესსტრუქტურებს, რომლებიც შესაძლოა სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"მე მინდა აქვე გითხრათ, რომ ჩვენ არ ვიყავით შეერთებულ შტატებში ჩასული, რომ ვიღაც დაასანქცირე და ამას არც ვიკადრებ, პირდაპირ გეუბნებით. პირიქით, ადვოკატირებას ვუწევდი იმ ბიზნესსტრუქტურებს, პიროვნებებს კი არა, ბიზნეს სტრუქტურებს, რომ გადარჩნენ. ბიზნესი გადარჩეს", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ინგა გრიგოლიას კითხვაზე - ვის უწევდა ადვოკატირებას, იმ ბიზნესებს, რომლებიც შესაძლოა, დასასანქცირებელთა სიაში იყვნენ?, მამუკა ხაზარაძე პასუხობს:

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ისეთი რაღაც არ მოხდეს, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომ ათასობით ადამიანი მუშაობს, იმ ხალხზე უნდა ვიფიქროთ. თუ ვინმეს დაასანქცირებენ, მე არავის დასანქცირება არ მინდა, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ კომპანიები ჩამოიშალოს. ეს ძალიან სათუთი თემაა", - ამბობს ის.

მამუკა ხაზარაძემ ასევე თქვა, რომ აშშ-ში დახურულ შეხვედრებზე დააფიქსირეს პოზიცია, რომ "ქართული ბიზნესი, რომელიც დღეს მძევლად ჰყავს აყვანილი ბიძინა ივანიშვილს, უნდა გაათავისუფლონ წნეხისგან".

"მე ახლა ამერიკაში ვიყავი, ბუნებრივია, გვქონდა როგორც ღია შეხვედრები, რაც მაყურებელმა ნახა, ასევე გვქონდა ბევრი დახურული შეხვედრა, რესპუბლიკელების კლუბში, რომელიც კაპიტოლიუმის უკან არის და მინდა გითხრათ ჩემი და ბადრის პოზიცია - ჩვენ გვინდა, რომ ქართული ბიზნესი, რომელიც დღეს მძევლად ჰყავს აყვანილი ბიძინა ივანიშვილს, გავათავისუფლოთ ამ წნეხისგან.

იმიტომ რომ, ქართული ბიზნესის, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს შეიძლება მათ დათვური სამსახური გაუწიეს ბიძინას, რაღაც გარიგებაში შევიდნენ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამ ხალხის უკან მდგომ უამრავ დასაქმებულ ადამიანზე და იმ სტრუქტურაზე, რომელიც მუშაობს. მე ასე ვუყურებ ამას, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივაღწიოთ ქართული ბიზნესის გათავისუფლებას და ეს ორი მხრიდან უნდა მოხდეს.

ერთი მხრივ, დავინახეთ თითქმის 3 000 კომპანია, რომელმაც ეს ხმამაღლა თქვა. შეიძლება, პირდაპირი კავშირი არ ჰქონიათ ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ შიში იმის, რომ დაუპირისპირდე რეჟიმს და ხელისუფლებას, ეს ნებისმიერ ბიზნესს ჰქონდა ბოლო 35 წლის განმავლობაში, მაგრამ ეყო ამ ხალხს გამბედაობა, გამოვიდნენ და Free Buisness ჩამოაყალიბეს და თქვეს, რომ ეწინააღმდეგებიან. ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მოხდა.

მაგრამ არის მსხვილი ბიზნესიც, რომელიც ამას ვერ აკეთებს, იმიტომ რომ იცის, რომ დღესაც, სანამ ახალი არჩევნები არ ჩატარდება, სანამ არ გასუფთავდება პროკურატურა, სასამართლო და სანამ სამართლიანი სახელმწიფო არ იქნება, ამ რეჟიმს აქვს უამრავი მექანიზმი და ბერკეტი იმისა, რომ მათ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნას", - ამბობს მამუკა ხაზარაძე.