სტრატეგია აღმაშენებლის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და აქტივისტი, ლაშა დიაროვი სოციალურ ქსელში წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიბარეს.
დიაროვის თქმით, უწყებაში დაბარება ხალხის შეშინებას უკავშირდება. ის მოქალაქეებს მოუწოდებს განყოფილებაში დაბარების შემთხვევაში უწყებაში ადვოკატის გარეშე არ მივიდნენ.
"4-მა კაცმა დამირეკა, ზოგი გამომძიებელი იყო, ზოგი უბნის ინსპექტორი, ბოლოს ეს ფურცელი გადმომცეს და წავიდნენ. ხალხის შეშინებას ცდილობენ. არავის არაფრის არ შეგეშინდეთ და განყოფილებაში არ მიხვიდეთ! ადვოკატის გარეშე მითუმეტეს ფეხი არ შედგათ პოლიციის შენობაში. სამართლებრივი დახმარება თუ დაგჭირდებათ დამირეკეთ და დაგაკვალიანებთ: 577030550. ვერ შეგვაშინებენ! გავიმარჯვებთ სახელოვნად!", - წერს დიაროვი.
აღსანიშნავია, რომ დღეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე მსახიობმა, ნატალია ყიფშიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ 20 აპრილს მისი სასამართლო პროცესია ჩანიშნული. კერძოდ, ყიფშიძე წერს, რომ მის მიმართ 174 პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის ნორმების დარღვევას ითვალისწინებს.