საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ამასთან, მაკრონმა ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა.
"რაც მოხდა, არასოდეს დავივიწყებთ და ჩვენ ვიქნებით აქ დღეს, ხვალ და ზეგ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ეს ხალხი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ და მშვიდად ცხოვრება სურდათ", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონი ისრაელში დღეს ჩავიდა. ვიზიტის მიზანია ისრაელისთვის სოლიდარობის ჩვენება, მძევლების გათავისუფლებაში დახმარება და კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდება. საფრაგენთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერმინისტრსა და ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდება.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.