მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებს შეხვდა და ვივამედში სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელახლა შეფასება სთხოვა.
ხაჭაპურიძის თქმით, მან ომბუდსმენის აპარატს ასევე სთხოვა ვივამედისგან მოითხოვოს პასუხი, რის საფუძველზე აცხადებენ, რომ სააკაშვილს აღარ უმკურნალებენ.
სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ "სახალხო დამცველმა ეს საქმე პირად კონტროლზე უნდა აიყვანოს". ხაჭაპურიძის თქმით, ომბუდსმენის აპარატისგან მიიღო დასტური, რომ კონსილიუმი სააკაშვილს უახლოეს მომავალში ინახულებს.
„ჩვენი თხოვნა იყო, რომ პირველი, სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი შეხვდეს ვივამედს, რისგან გამომდინარე გაკეთდა ეს განცხადება. მეორე, ვაცნობე იმის შესახებ, რომ ვივამედი არ გვაძლევს ავადმყოფობის ისტორიებს და ვართ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში და გარდა ამისა, ვთხოვე, რომ სასწრაფოდ შევიდეს კომისია და გავარკვიოთ, როგორია მისი ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგან ვიზუალურად რაც ვნახე დამძიმებულია მისი მდგომარეობა.“ - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა დრეს ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის და მისი ციხეში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა ვივამედს სთხოვა სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია წარედგინათ. მისი ცნობით, კლინიკისგან სააკაშვილის შესახებ დოკუმენტები ომბუდსმენის აპარატმა 20 მარტს მიიღო და იმავე დღეს კონსილიუმს გაუგზავნა.
იოსელიანის თქმით, 2 დღის წინ თავადაც შეხვდა სამედიცინო კონსილიუმს და დაუდასტურა, რომ მისი მხრიდან "ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ იმისთვის, რომ გააგრძელონ საქმიანობა".
ომბუდსმენის თქმით, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების შემთხვევაში გაუარესდება, მაშინ "რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს" და სააკაშვილი უნდა დარჩეს სამოქალაქო საავადმყოფოში.
"სახალხო დამცველს აქვს ამაზე ნამსჯელი, გამოქვეყნებული პოზიცია, რომ მისი [სააკაშვილის] ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება, საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, ამ აზრზე არიან კონსილიუმის წევრებიც
მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჰქონდა დაფიქსირებული" - განაცხადა იოსელიანმა.
სახალხო დამცველის თქმით, სამედიცინო კონსილიუმს აქვს მისი სრული მხარდაჭერა, რომ გააგრძელონ საქმიანობა და თავად კონსილიუმის გადასაწყვეტია სააკაშვილს "როდის და რა ფორმით მოინახულებენ".
* * *
კლინიკა ვივამედმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "სავარაუდოდ, იძულებულები" ხდებიან, მიმართონ პენიტენციურ დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტის კლინიკაში შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება კლინიკაში და ამ დროის განმავლობაში ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თუმცა მათი მტკიცებით, სააკაშვილი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე.