ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მაგნიტსკის სიაში რატი ბრეგაძეც მოხვდება

ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მაგნიტსკის სიაში რატი ბრეგაძეც მოხვდება

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მაგნიტსკის სიას მალე გაასაჯაროებს და მასში 20-მდე ადამიანი, მათ შორის იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძეც მოხვდება.

"იყო მაგნიტსკის სიაზე საუბარი, ჩამოვყალიბდით საბოლოოდ და ხვალ-ზეგ უკვე გავასაჯაროებ ამ სიას, რომელიც უკვე ჯიბეში მიდევს [..] კი, რატი ბრეგაძე იქნება. არა მარტო რატი ბრეგაძე, სხვა ადამიანებიც არიან, სადღაც 20 კაცამდე არის ეს სია. პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, მოსამართლეები, ასევე, ზოგიერთი ექიმი და ექთანი. ვივამედის არცერთი არც ექიმი არ არის და არც ექთანი. გორის ჰოსპიტალზე არის საუბარი ძირითადად, პროკურორები იქნებიან, 4 ოქტომბერს ვინც იღებდა მონაწილეობას აქ სასამართლო პროცესის გამართვაში", - განაცხადა მან.

პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილამ მაგნიტსკი აქტის ავტორს ბილ ბრაუდერს 8 იანვარს მიმართა, რომ მის საქმესთან დაკავშირებით ახალი მაგნიტსკის სიის შექმნაში დაეხმაროს, ვიდრე "ლეტალური შედეგი დადგება".

ბილ ბრაუდერმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ასევე 8 იანვარს უპასუხა და იმ დოკუმენტების გადაცემა სთხოვა, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი სააკაშვილის წამებასა და მოწამვლაზე.

"მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომლებშიც ეწერება, თუ ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ", - დაწერა ბრაუდერმა Twitter-ზე.

მაგნიტსკი აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. ამ აქტის მთავარი მიზანი რუსეთის ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება იყო, ვინც მოსკოვის ციხეში 2009 წელს საგადასახადო მრჩევლის, სერგეი მაგნიტსკის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

სერგეი მაგნიტსკი უკრაინული წარმოშობის რუსი საგადასახადო მრჩეველი იყო, ვინც რუსეთის ხელისუფლება კორუფციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ამხილა. ის 2008 წელს დააპატიმრეს და 11 თვეში ციხეში დაიღუპა.

2016 წელს მიღებულ გლობალურ მაგნიტსკის აქტის მიღების შემდეგ კი აშშ-ის ხელისუფლებას შეუძლია ადამიანი უფლებების დარღვევის ფაქტების გამო მსოფლიოს მასშტაბით უცხო ქვეყნის ხელისუფლების წევრებს სანქციები დაუწესოს: გაყინოს მათი ქონება და აუკრძალოს აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

2022 წლის 23 დეკემბერს მაგნიტსკი აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და თუ მას სამკურნალოდ ევროპაში არ გადაიყვანენ, ამას "მხოლოდ მკვლელობა შეიძლება ეწოდოს".

ბრაუდერის თქმით, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.