ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით "ყველა ის ადამიანი ვინც ახლა კრემლის აგენტურის მსგავსად ამბობს იმას, რომ თურმე ომის დაწყების საკითხები და დანაშაულები გადასახედია, ისტორიაც და სამართალიც აუცილებლად გასცემს პასუხს."
ის ასევე ამბობს, რომ ქართულ ოცნების წარმომადგენლები, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, "ვერ იტანენ ქართველ ჯარისკაცებს."
"რუსეთი და რუსული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ვერ იტანენ ქართველ სამხედროებს, ვერ იტანენ ჩვენს ოფიცრებს, გენერლებს, სერჟანტებს და სხვათა შორის, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათ პირობებში იდევნება რუსეთთან მებრძოლი გენერლები, პუტინთან მებრძოლი მთავარსარდალი და ფაქტობრივად, კლავენ ციხეში წამებით, მათ ეზიზღებათ სძულთ ყველაფერი ქართული და პატრიოტული, რითაც ჩვენი ქვეყანა ამაყობს. ისინი ვერ იტანენ, რომ ანწუხელიძის მსგავსი გმირები გვყავდა და სწორედ ამიტომა, მას შემდეგ რაც საერთაშორისო დონეზე აღარავის აღარ აქვს კითხვა ვინ დაიწყო ომი და ვინ ვის დაესხა თავს, გარდა რუსული ოცნებისა. პუტინს, ლავროვსაც კი აღარ უხსენებიათ უკანასკნელ პერიოდში საქართველოში წამოწყებული ომი და ახსენებს აქ რუსული ოცნება, ვგულისხმობ მდინარაძეს, ღარიბაშვილს, კობახიძეს, რომელმაც დაგვიანონსა და თურმე რაღაც კომისიას შექმნიან. ამასობაში კარგად ხედავს საქართველოს მოსახლეობა, რომ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ამერიკელებს, ევროპელებს აბრალებენ, რომ თურმე მათ უნდათ ომი, თურმე გავლენის აგენტები ჰყავთ საქართველოში. კარგად უნდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, ჩემო ძვირფასებო, რუსული ხელისუფლებაა საქართველოში და ისინი ახორციელებენ საბოტაჟს ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ანუ ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ არ მივიღოთ სტატუსი, რომ საბოტაჟი მოახდინონ ევროკავშირის სტატუსის და შესაბამისად ის კანონი, რომელიც შემოიტანეს, ვგულისხმობ რუსულ კანონს სწორედ ემსახურება იმას, რომ ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის სტატუსი. ის რაზეც ახლა იწყებენ საუბარს ჩვენს ჯარისკაცებზე, ოფიცრებზე, გენერლებზე თავდასხმას. ესეც ემსახურება ცხადია კრემლის, მკვლელი პუტინის ინტერესებს და ისინი გააკეთებენ ყველაფერს, როგორც პრეზიდენტ სააკაშვილის პატიმრობით, წამებით, არაადამიანური მოპყრობით, როგორც ნიკა გვარამიას მიზანმიმართული დაკავებით სტატუსის საკითხის გადაწყვეტამდე ერთი კვირით ადრე ფაქტობრივად. ისევე აკეთებენ ახლა, როგორც კი ახლოვდება ევროკავშირის მხრიდან სტატუსის მონიჭების საკითხი, ისინი მაშინვე ესხმიან თავს ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მაშინვე კრემლის პროპაგანდა იქოქება პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ჯერი არის ქართველ ხალხზე და ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ქვეყანა რუსული კლანჭებიდან არის საქართველოს მოქალაქეების, მოსახლეობის დასახსნელი... ყველა ის ადამიანი ვინც ახლა კრემლის აგენტურის მსგავსად ამბობს იმას, რომ თურმე ომის დაწყების საკითხები და დანაშაულები გადასახედია და პროპაგანდირებს რუსულად პუტინის ენით, ყველა ამ ადამიანს ისტორიაც და სამართალიც აუცილებლად გასცემს პასუხს."- განაცხადა ხაბეიშვილმა.
* * *
ქართული ოცნება მხარს უჭერს ევროპელი სოციალისტების იდეას, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას. როგორც პარტიის წევრმა, ფრიდონ ინჯიამ თქვა, კომისიამ უნდა გამოიძიოს დანაშაულები, რომლებიც "სააკაშვილის რეჟიმის მიერ არის ჩადენილი".