ხაბეიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: წერია, რომ მისამართი გაასწორეთ, მტერი ივანიშვილია

ხაბეიშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: წერია, რომ მისამართი გაასწორეთ, მტერი ივანიშვილია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ერთიანობის მოწოდების შესახებ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სავარაუდოდ, ეს მიემართებოდა ადამიანებს, რომლებიც ენმ-ს "საჯაროდ ლანძღავენ".

ის კონკრეტულ სახელ-გვარებს არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ "მისამართი უნდა გაასწორონ", ხოლო ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა, პარტიის კარი მათთვის ღიაა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"ძალიან მარტივია, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია პრეზიდენტი სააკაშვილი, ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს ყველა თემაზე - ცხადია, უყურებს პრეზიდენტი სააკაშვილი სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის განცხადებებს, მათ შორის იმ ადამიანების, რომლებიც რამდენიმე კვირის ან თვის წინ ენმ-ის სახელით საუბრობდნენ და დღეს მათი პირადი პოზიცია აბსოლუტურად აცდენილია ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ინტერესებს.

გარკვეული ადამიანების ინტერესი არის აბსოლუტურად სხვა, ჩვენდა სამწუხაროდ. ამიტომ, მე მგონი, რომ ამას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სხვადასხვა ეთერებს და დროს იყენებენ იმისთვის, რომ ლანძღონ ენმ.

ყველა ჯერზე ხედავს პრეზიდენტი სააკაშვილი, კონკრეტული ადამიანები ლანძღავენ მარტო ნაციონალურ მოძრაობას, მანდ შავით თეთრზე წერია, რომ მისამართი უნდა გაასწოროთ და ჩვენთვის დასამარცხებელი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, რუსული ოცნება და შესაბამისად, გზები არ უნდა აგერიოთ და თუ ვინმე აპირებს პარტიიდან გასვლას და სხვა პარტიის გაკეთებას, მოგიწევთ კონკრეტული ბედის გაზიარება. არ მინდა მე სახელი და გვარებით, არ არის ჩემს ინტერესში.

შიგნით პარტიაში ძალიან ჯანსაღი სიტუაციაა, სამდივნო არსებობს, პოლიტიკური საბჭო არსებობს, უამრავი ახალი ადამიანი... ძალიან ცუდია, რომ კონკრეტული ადამიანები ბიძინა ივანიშვილთან და რუსულ ოცნებასთან ბრძოლის ნაცვლად სხვა გეზს იღებენ, შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ეხება ამას. თუმცა კიდევ ვამბობ, პოლიტიკა არის საჯარო - თუ ვინმეს უნდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენი კარი არის ღია", - განაცხადა მან.

დღეს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის ერთიანობაზე ისაუბრა და თქვა: "პარტიამ უნდა შეინარჩუნოს ერთიანობა და სიმტკიცე, ამავე დროს მივესალმები დებატებსაც და მუდმივ შიდა განახლებასაც. ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო ბოკერიას გზასთან. ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია".