ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კასპში თავდამსხმელების დასჯის ნაცვლად, ხელისუფლება აპირებს, სისხლის სამართლის საქმეები პარტიის წევრების წინააღმდეგ აღძრას. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და ქართული ოცნების ლიდერებს მოუწოდა, მისი თანაპარტიელების დევნა შეწყვიტონ.
"თავად დაგვესხნენ თავს, თავად ისროდნენ ქვებს, თავად იქცეოდნენ ველურად და ახლა უნდა მოუყვნენ საზოგადოებას, როგორც ჩემს შემთხვევაში იყო, თავის დროზე საკრებულოში რომ დამესხნენ თავს, რომ თურმე ჩვენ ვცემეთ, ჩვენ ჩავულეწეთ კბილები, დავლეწეთ ეს რუსული პარტიის წარმომადგენლები - არადა, კი იმსახურებდნენ, სიმართლე რომ ვთქვათ - და აქეთ აპირებენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ჩემს თანამებრძოლებზე.
მოვუწოდებ ლაჩარ, მშიშარა, მხდალ კაკებეშნიკებ, კობახიძეს და გომელაურს, აგერ ვარ თქვენი პირდაპირი სამიზნე და შესაბამისად, შეეშვით ჩემი თანამებრძოლების დევნას, მით უმეტეს, რომ ამ რამდენიმე დღის წინ დავით ოსიყმაშვილს თავს დაესხით, სამი შვილის მამას, სახლში ასვლის წინ და ფაქტობრივად, ძვლები ჩაუმტვრიეთ. თუ რამე გინდათ, თუ ვინმეზე საქმეების აღძვრა გინდათ, აგერ ვარ - ლევან ხაბეიშვილი არ გაურბის არც კითხვებს, არც სისხლის სამართლის საქმეს, მხოლოდ მოეშვით ჩემი თანამებრძოლების დევნას, გაფრთხილებთ კატეგორიულად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ამ თავდასხმის ორგანიზატორების დასჯის ნაცვლად, რუსული პარტია აპირებს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე აღძრას სისხლის სამართლის საქმეები", - ხაბეიშვილი.
30 ივნისს ლევან ხაბეიშვილი კასპში საპენსიო რეფორმის პრეზენტაციის გასამართად ჩავიდა, ადგილზე კი მას საჯარო მოხელეები, ასევე, აგრესიული ჯგუფები ორგანიზებულად დახვდნენ და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, რომლებიც კასპში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩავიდნენ. ადგილზე იმყოფებოდა შიდა ქართლის პოლიციის უფროსი.