ხაბეიშვილი იმპიჩმენტზე: რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია, ამაში მონაწილეობას არ ვაპირებ

ხაბეიშვილი იმპიჩმენტზე: რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია, ამაში მონაწილეობას არ ვაპირებ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნული პროცედურა რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია, რომელშიც მონაწილეობას მიღებას არ აპირებს.

"სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საკითხი არის მოგონილი ბიძინა ივანიშვილის და რუსული პარტიის და მათ შორის, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ორივე მხარე რაღაცნაირად, რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია. თითქოს სალომე ზურაბიშვილი როგორი კეთილი და კარგია და თუ ასე უყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე ფიქრობს, ჩემი აზრით, მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი უნდა გამოიყენოს და პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს. ამას ეს ქალბატონი არ აკეთებს. ამიტომ, ჩვენ ეს საკითხი არ გვაინტერესებს და ყველა კარგად უნდა იცოდეს, ამაში არანაირ მონაწილეობას არ ვაპირებ", - ამბობს ხაბეიშვილი.

გუშინ, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფიგზე განაცხადა, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად საჭირო დოკუმენტების მომზადება ოთხშაბათმდე დასრულდება.

ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.

მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.