ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე: რუსულ მესიჯს ახმოვანებდა, ბორელთან დაპირისპირების რეჟიმში იყო

ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე: რუსულ მესიჯს ახმოვანებდა, ბორელთან დაპირისპირების რეჟიმში იყო

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან პრესკონფერენციის დროს "რუსულ მესიჯს ახმოვანებდა" და ბორელთან "დაპირისპირების რეჟიმში იყო".

"ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, გულშემატკივრობს ქართველ ხალხს, გულშემატკივრობს ჩვენი ქვეყნის მომავალს და მეორეს მხრივ, ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, რუსი ოლიგარქის, ბიძინას თანაშემწე - ღარიბაშვილი, რომელიც რუსულ მესიჯს ახმოვანებდა და ბორელთან ფაქტობრივად, დაპირისპირების რეჟიმში [იყო].

ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან აბსოლუტურად ღია გზავნილი, რომ ევროპული ოჯახის კარი ღიაა, თუმცა ღარიბაშვილისნაირ ტალახიანს, ვგულისხმობ იმას, რომ პოლიტიკური პატიმრებით, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ ტყვეობაშია, ევროპაში ჩვენ არავინ არ გველოდება. იმ პირობებში, როცა მურუსიძის სასამართლოა, ჩვენ ევროპაში არავინ არ გველოდება", - ამბობს ხაბეიშვილი.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. საუბრის ძირითადი თემა ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და რეკომენდაციების შესრულებას ეხებოდა.

ბორელის თქმით, საქართველოს 12 რეკომენდაციიდან 3 აქვს შესრულებული, დანარჩენი 9 კი პროცესშია და შესასრულებელია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანამ მეტი უნდა გააკეთოს.

ღარიბაშვილის მტკიცებით, რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია და არაერთხელ გაიმეორა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ სტატუსი ავანსად მიიღეს, მაშინ, როცა არც ერთი პუნქტი შესრულებული არ ჰქონდათ.