ხაბეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩხუბზე: ვერ ეგუებიან, როცა ხალხის პრობლემებს ვახსენებთ

ხაბეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში ჩხუბზე: ვერ ეგუებიან, როცა ხალხის პრობლემებს ვახსენებთ

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აჭარის უმაღლეს საბჭოში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და თანაგუნდელებს სოლიდარობას უცხადებს.

ხაბეიშვილმა გამართულ ბრიფინგზე ის საკითხები ჩამოთვალა, რომელიც, მისივე თქმით, ფიზიკურ დაპირისპირებას უძღოდა წინ.

"ჩვენს თანამებრძოლებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ლევან ანთაძესა და ელგუჯა ბაგრატიონს ადგილობრივი პუტინისტები დაესხნენ თავს და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ახლდა ამას წინ. სანამ ეს ფიზიკური დაპირისპირება დაიწყებოდა, ნაციონალური მოძრაობა საუბრობდა 360 000 ადამიანი რომ ცხოვრობს აჭარაში და 27 000 აქედან არის სოციალურად დაუცველი, რომ აჭარის სკოლებში მნიშვნელოვანია უფასო კვება ბავშვებისთვის და რომ ოფიციალური სტატისტიკით, ათასობით ბავშვი შიმშილობს აჭარაში. სოფელ კვირიკეთში და სოფელ გვარაში საბავშო ბაღები რომ უნდა აშენებულიყო და გაქრა, არ არის ეს ფული, შეჭამა რუსულმა ოცნებამ.

იქ არც ბაღები არ არის ერთ ადგილას და არც მეორე ადგილას. ასევე, ბათუმში, მდინარე ჭოროხზე ახალი გზის მშენებლობა რომ ვერასდროს დაასრულეს და ვერ მიიყვანეს ბოლომდე, ამ პრობლემებზე საუბრობდნენ ჩვენი წევრები და ლიდერები. ასევე, ქედაში, ხულოსა და შუახევში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომელიც იყო დაგეგმილი, ზოგი შუაში მიატოვეს, ზოგი ვერც დაიწყეს. ასევე, ცხადია, ჩვენი წევრები საუბრობდნენ საპენსიო სესხების ჩამოწერაზე ადგილობრივი პენსიონერებისთვის, რომლებიც კაბალურ პირობებში იღებენ ამ სესხებს. ასევე, საუბარი შეეხებოდა გაბერილ შტატებს აჭარაში", - განაცხადა მან.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, იმის ნაცვლად, რომ ჩამოთვლილ პრობლემებზე დებატები გამართულიყო "რუსული პარტიის წარმომადგენლები" ფიზიკურ დაპირისპირებაზე გადავიდნენ.

"გადაჭამეს აჭარა რიჟვაძეებმა და მისმა კლანმა და ეს კონკრეტული ადამიანიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ვინ იყო, ვინც ფიზიკურად დაუპირისპირდა ლევან ანთაძესა და ელგუჯა ბაგრატიონს. ეს არის ტიტე აროშიძე, რომელიც სოფლის მეურნეობის მინისტრობის დროს ძალიან ბევრ კორუფციულ ფაქტშია მხილებული, იგივე ბაციკაძე, რომელიც ახლაც უკანონო მშენებლობაში მონაწილეობს ბათუმში და ეს კრიმინალური დაჯგუფება, ბანდა, ცხადია, ვერ იტანს და ვერ ეგუება, როცა ენმ-ის ლიდერები ახსენებენ ხალხს და ხალხის პრობლემებს", - ამბობს ხაბეიშვილი.

***

აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო - ხელისუფლების წარმომადგენლები ნაციონალური მოძრაობის კრიტიკამ გააღიზიანა.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრმა, ელგუჯა ბაგრატიონმა ხელისუფლება ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ასევე, მისი მტკიცებით, ოპოზიციის მტკიცებით ივანიშვილის გუნდის პრიორიტეტი საკუთარი ხელფასების ზრდა და არა სოციალურად დაუცველთა საჭიროებების გათვალისწინება. სიტყვიერ დაპირისპირებას კი ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.