ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ფორმულას დაკვეთით ჩატარებულ Edison Research-ის კვლევის პოლიტიკურ რეიტინგებს ეხმაურება - მისი თქმით, შედეგები აჩვენებს, რომ ენმ ძლიერდება და "რუსული რეჟიმის წინააღმდეგ მთავარი ძალაა". მისივე თქმით, კვლევით დასტურდება, რომ ქართული ოცნება დამარცხებულია.
"ყოველ ჯერზე, ყველა გამოკითხვა, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის მთავარი პროდასავლური - პროევროპული პარტია. საქართველოს მოსახლეობას, ხალხს მიაჩნია, რომ მთავარი ევროპული პარტია არის ნაციონალური მოძრაობა. დღევანდელი კვლევა არის კიდევ ერთი დასტური, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ძლიერდება, ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ძალა რუსული რეჟიმის, ივანიშვილის, პუტინისტების და სამშობლოს მოღალატეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მნიშვნელოვანია და ობიექტურად გვიხარია სხვა პროდასავლური პარტიების გარკვეული შედეგი. რასაც მივესალმებით. მეტიც, უმნიშვნელოვანესია გარკვეული ერთობები შექმნან ნაციონალური მოძრაობის გარეშე და კიდევ უფრო გაძლიერდნენ... ჩვენ ძლიერი, მთავარი პარტია ვართ და ცხადია ჩვენის მხრივ ვფიქრობთ გაძლიერებაზე, რასაც უპირობოდ მოვახერხებთ. უახლოესი თვეების განმავლობაში ენმ - ს გაძლიერების, მატების პროცესს საზოგადოება თავად ნახავს.
ეს კვლევა არის დასტური, რომ რუსული ოცნება დამარცხებულია. ახლა მთავარია სწორი სტრატეგია, სამიზნის გასწორება და ივანიშვილის და მისი პუტინისტური პარტიისგან მხოლოდ სახელიღა დარჩება", - ამბობს ხაბეიშვილი.
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პასუხები ასე ნაწილდება:
ნახეთ პოლიტიკური რეიტინგები სრულად.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.
კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).
ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 25 მაისი-14 ივნისის პერიოდში.