სამართლიანობის აღდგენის, სასამართლო რეფორმის, ადამიანის უფლებებისა და მედიის დაცვის პირობით ხელისუფლებაში მოსულ პარტიას 11 წელი შეუსრულდა. ქართული ოცნების დამფუძნებლების უმეტესობა დღეს ოპოზიციაშია, ამბობენ, რომ კოალიციის შექმნისას დასახელებულ დაპირებებს, ღირებულებებსა და ხალხს ივანიშვილის გუნდმა უღალატა. პარტიაში დღეს მილოცვების წერილები დაიწერა, ივანიშვილის ქებითა და მშვიდობაზე მანიპულირებით. ნებისმიერი პრობლემაზე საპასუხოდ, უკვე 11 წელია, საზოგადოებას ესმის ფრაზა - "ცხრა წელი". იგულისხმება ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდთან შედარება. ყველაზე მთავარი, რისი დაზიანებაც ივანიშვილმა ამ დროში შეძლო, ოპონენტების აზრით, ქვეყნის საგარეო ვექტორია. ძირითადთან ერთად იყო წვრილმანი დაპირებებიც, რომელიც არქივს შემორჩა. მათ შორის იაფი ფულისა და სოლარიუმების სახით. მმართველობის მეთერთმეტე წელსაც არ დადგა საუკეთესო მეოთხე წელიწადი.