"ქართული დროშის აფრიალებაა მიზეზი" - ჯაღმაიძე კირბალში რუსების მიერ ტაძრის კარის აჭედვაზე

"ქართული დროშის აფრიალებაა მიზეზი" - ჯაღმაიძე კირბალში რუსების მიერ ტაძრის კარის აჭედვაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 28 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს.

ანდრია ჯაღმაიძემ Facebook-ის Live-ში ტაძრის კარის აჭედვის "მიზეზზე" ისაუბრა და თქვა, რომ რაღაც პერიოდის წინ იქ შესაძლებელი იყო გადასვლა, თუმცა, "ვიღაცამ ააფრიალა იქ ქართული დროშა, რაც გახდა მიზეზი, რომ რუს სამხედროებს მკაცრი ზომები მიეღოთ".

"იქაც შესაძლებელი იყო რაღაც პერიოდის წინ გადასვლა, წელსაც იყვნენ გადასულები ჩვენი მომლოცველები, სასულიერო პირები მიდიოდნენ, მაგრამ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის მიზეზი, რომ მიეღოთ უფრო მკაცრი ზომები რუს სამხედროებს, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა", - თქვა ანდრია ჯაღმაიძემ.

28 აგვისტოს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ Facebook-ის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში წმინდა ლომისის ტაძრის კარი აჭედეს.

მომხდართან დაკავშირებით ფორმულას საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით ისინი კომენტარს არ აკეთებენ.

სოფელი კირბალი საოკუპაციო გამყოფ ხაზს ესაზღვრება. წმინდა ლომისის ეკლესია, სოფლის მიმდებარე ტყე და საძოვრები რუსების მიერაა ოკუპირებული. მახლობელი სოფლების მოსახლეობას გასულ წლებში სალოცავში მისვლას უშლიდნენ - 2018 წელს რადიო თავისუფლება წერდა, რომ საოკუპაციო რეჟიმი
ეკლესიაში სალოცავად გადასულ პირებს "საზღვრის" დარღვევის ბრალდებით დაკავებით ემუქრებოდა.