ქარტიამ POSTV-ის, რუსთავი 2-ის, იმედის ჟურნალისტებს Edison-ის გაშუქებისას დარღვევა დაუდგინა

ქარტიამ POSTV-ის, რუსთავი 2-ის, იმედის ჟურნალისტებს Edison-ის გაშუქებისას დარღვევა დაუდგინა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ Edison Research-ის კვლევის გაშუქებისას POSTV-ის, იმედისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს.

მათ წინააღმდეგ ქარტიას Edison Research-ის მთავარმა მრჩეველმა, ნინო ჯაფარიძემ მიმართა. სადავო მასალები 2023 წლის 13 ნოემბერს გავიდა.

"განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია დაუბალანსებლად და მანიპულაციურად გააშუქეს, რაც რეპუტაციულ ზიანს აყენებდა ედისონ რისერჩს და არაკვალიფიციურ, მიკერძოებულ კვლევით ინსტიტუციად წარმოაჩენდა", - აღნიშნავენ ქარტიაში.

საბჭომ დაადგინა, რომ ქეთი მამრიკიშვილის, მეგი ნარსავიძის, ნათია სონღულაშვილის, ნათია ლაზაშვილის, დავით კაკულიასა და შოთა ფალავანდიშვილის მიერ ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი დაირღვა და მათ ფაქტი განზრახ დაამახინჯეს.

"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, POSTV-ს ჟურნალისტმა ქეთი მამრიკიშვილმა, ტელეკომპანია იმედის ჟურნალისტებმა მეგი ნარსავიძემ და ნათია სონღულაშვილმა, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა ნათია ლაზაშვილმა, დავით კაკულიამ და შოთა ფალავანდიშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი დაარღვიეს", - აცხადებს ქარტია.

ქარტიის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გამოქვეყნდების შემდეგ მასალა განახლდება.

***

ფორმულას დაკვეთით ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით, სამთავრობო მედიები აქტიურად აშუქებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს კვლევის შედეგები გაყალბებული იყო.

იმედის, რუსთავი 2-სა და POSTV ბრალდებებს Edison Research 14 ნოემბერს გამოეხმაურა და განმარტა დამრგვალების წესი, რის საფუძველზეც პარტიების რეიტინგებმა 100%-ს გადააჭარბა. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დამრგვალებულ მონაცემებს არ შეუცვლია არცერთი პარტიის რეიტინგი, შესაბამისად, მას კვლევის სანდოობასთან კავშირი არ აქვს.

"Edison საქართველოში გამოკითხვებს 13 წელია ატარებს, ჩვენ მუდმივად ვატარებთ მათ სრული სიზუსტით. საქართველოში ჩვენი კლიენტები გვქირაობენ იმ გაგებით, რომ ჩვენ სრულიად დამოუკიდებლად ვმუშაობთ. ჩვენი საარჩევნო გამოკითხვები არის ძალიან ზუსტი და თითქმის ყოველთვის უფრო მეტად ახლოს საბოლოო შედეგებთან, ვიდრე გამოკითხვები, რომლებსაც ის მედიები ატარებენ, რომლებიც ახლა თავს გვესხმიან.

აშშ-ში Edison Researcher 2004 წლიდან არის ერთადერთი მიმწოდებელი საარჩევნო მონაცემების, პროგნოზებისა და ანალიზის ეროვნული საარჩევნო ფონდისთვის (ABC News, CBS News, CNN და NBC News) როგორც საპრეზიდენტო პრაიმერისთვის, ასევე, საყოველთაო არჩევნებისთვის. ჩვენს პროგნოზებს Reuters მსოფლიოს გარშემო კლიენტებისთვის ავრცელებს. ეროვნული საარჩევნო ფონდი 20 წლის განმავლობაში ეყრდნობა Edison-ს, რადგან ისინი ენდობიან ჩვენს მეთოდებსა და მონაცემებს.

ჩვენზე თავდასხმების საფუძველი არის აბსურდი - იმედი, რუსთავი 2 და POSTV აცხადებენ, რომ პარტიული რეიტინგების 101% დამრგვალების გამო, ჩვენი კვლევები გაყალბებულია. ისინი ამტკიცებენ, რომ დამრგვალებული მონაცემი არის TV ფორმულას მიერ მონაცემების გაყალბების შედეგი.
Edison Research-მა ჩვენს კლიენტს, TV ფორმულას მიაწოდა როგორც დაუმუშავებელი, ასევე, დამრგვალებული მონაცემები. ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა ჩვენი მედია კლიენტებისთვის, მათ შორის CNN, ABC, CBS და NBC-სთვის, რომ გამოაქვეყნონ დამრგვალებული მონაცემები, რათა მაყურებლისთვის მისი გაგება ათწილადების გარეშე უფრო მარტივია.

დამრგვალების წესის თანახმად, ციფრი, რომელიც მეათედის შემდეგ მოდის დამრგვალების განმსაზღვრელი ხდება, მაგალითად, თუ ასეთია 5 ან მეტი, ის დამრგვალდება შემდეგ მთელ რიცხვამდე. ამ შემთხვევაში, მიწოდებული რიცხვები მთელებამდე დამრგვალდა. მაგალითად, ალექსანდრე ელისაშვილის პარტია მოქალაქეების დაუმუშავებელი მონაცემი იყო 2,75828215304044%, რომელიც დამრგვალდა 3%-მდე. უნდა აღინიშნოს, რომ დამრგვალებას არ შეუცვლია არცერთი პარტიის რეიტინგი, შესაბამისად, არც გამოკითხვის კონტექსტი. ეს არის მიზეზი, რის გამოც, მონაცემებმა, შესაძლოა, 100%-ს გადააჭარბოს, რასაც არ აქვს კავშირი გამოკითხვის სანდოობასთან", - აღნიშნული იყო განცხადებაში.