ჟურნალისტური ეთიკის ქარტია TV პირველის ჟურნალისტის, ნატო გეგელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმადაც 24 მარტს, ოზურგეთში, მის საცხოვრებელ სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს. ქარტია საქმის გამოძიებას ითხოვს.
"ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე ზეწოლის განსახორციელებლად უკვე ამ ხერხსაც - ჟურნალისტის პირადი ქონების დაზიანებას - მიმართავენ. დაუსჯელობა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს ახალისებს, მათ მარგინალიზებას და საზოგადოებრივი პროცესებიდან გარიყვას ემსახურება", - ნათქვამია განცხადებაში.
მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა და სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ დანაშაული - გამოავლინონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ შესაძლო დამკვეთებიც.
ჟურნალისტი დღეს გამოქვეყნებულ Facebook სტატუსში წერს, რომ მისი სახლი გასულ წელს არაერთხელ გაქურდეს და დაარბიეს. მისივე თქმით, დამნაშავე დღემდე არაა იდენტიფიცირებული. გეგელია მიუთითებს, რომ გამოძიების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და დაზარალებულადაც კი არ უცნიათ. ის მომხდარს საკუთარ პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინებასა და გაჩუმების მცდელობაზე საუბრობს.
ქარტია მიუთითებს, რომ ნატო გოგელია დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი გასულ წელსაც გახდა. 2023 წლის 15 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში მას ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს წევრმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტექნიკა დაუზიანა.