ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის შემადგენელ შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის შემოვლითი გზით მოსახლეობა მაისიდან ისარგებლებს.
მისი თქმით, სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და გაჭრილია ათივე გვირაბი, 17 ხიდიდან აშენებულია 15, ხოლო 2 ხიდზე კოჭების მოწყობა, საფარის, საინჟინრო სისტემებისა და სხვა სამონტაჟო სამუშოები მიმდინარეობს.
"მაისიდან ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს ქალაქ ზესტაფონში შესვლა და ისარგებლებს ზესტაფონის შემოვლითი, ახალი 4 ზოლიანი გზით, რომელიც არგვეთას კვანძთან შეუერთდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალს. ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებას, ისე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტის გაზრდას", - თქვა ქარსელაძემ.
მისივე განცხადებით, გზის დარჩენილ მონაკვეთზე სამუშოები გაგრძელდება და ამ ეტაპზე, შროშასთან შესაბამისი მოედნების მოსაწყობად სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.
"გარდა ამისა, უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, გამოცხადდება სურამში და ზესტაფონში ტრადიციული პროდუქციით სავაჭრო ადგილებისთვის გათვალისწინებული მოედნების და ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა", - ამბობს ქარსელაძე.