ქარსელაძე რიკოთზე: მეწყერი არ ჩამოსულა, იყო პოტენციური კერა აღმოჩენილი

ქარსელაძე რიკოთზე: მეწყერი არ ჩამოსულა, იყო პოტენციური კერა აღმოჩენილი

ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ რიკოთი უსაფრთხოა და სპეციალური რეჟიმი "პოტენციური" რისკის გამო მოქმედებს. მისი თქმით, რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა.

"რიკოთზე ამჟამად დაწესებულია სპეციალური რეჟიმი, რისი საფუძველიც იყო 149-ე კილომეტრზე არსებული გზიდან 200 მეტრში აღმოჩენილი პოტენციური მეწყრის კერა და აღნიშნული სიტუაციის შეფასების საფუძველზე, სპეციალისტების მიერ მიჩნეული იქნა როგორც მომატებული საფრთხე და შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დროებით დაგვეკეტა იმისთვის, რომ გაგვეფართოებინა გზა, სამჯერ გაგვეზარდა დამაგროვებელი, შესაბამისი კედელი მოგვეწყო, ანუ ყველა იმ პირობით აღგვეჭურვა, რა პირობითაც უკვე აღნიშნული მონაკვეთიც იქნებოდა შესაბამისად უსაფრთხო.

გარდა ამისა, 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, რომელიც შესაძლებლობას მოგვცეს წინსწრებად, ისევე როგორც მთელი ეს დროებითი დაკეტვა და შემდგომი პროცედურები, შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მაქსიმალურად თავიდან არიდებული იყოს პოტენციური რისკიც კი.

შესაბამისად ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, მეწყერი არ გააქტიურებულა, არამედ იყო პოტენციური კერა აღმოჩენილი, რომელზეც შესაბამისი წინმსწრები, გამაფრთხილებელი ღონისძიებები ჩატარდა და დღეს რიკოთი არის უსაფრთხო", - განაცხადა ქარსელაძემ.

საავტომობილო დეპარტამენტმა 11 აპრილს, "მცირე ქვათაცვენის გამო, გზების გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების" მიზეზით რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალა. 13 აპრილს რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით ამოქმედდა.