
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი ISSA-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების ნაწილს ასაჯაროვებს, რომელიც ოპოზიციის მიერ წლევანდელ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს ეხება.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45.5% ფიქრობს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უპირობოდ უნდა მიიღონ.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციური ამომრჩევლის მხოლოდ 20.5%-ს სურს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა იმისდა მიუხედავად, ჩატარდება თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, ხოლო 43.3% ბოიკოტს ემხრობა. 26.2% კი ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის მომხრე მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ გაიმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებიც.
"აქვე, საინტერესოა, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, ყოველგვარი დათქმის გარეშე, გამორჩეულად უჭერენ მხარს ქ/ოცნების ამომრჩევლები (70.4%)", - წერს კაჭკაჭიშვილი.
მისი ცნობით, ISSA გამოკითხვას 2000 რესპონდენტზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით ატარებდა და საველე სამუშაოები 30 ივნისს დასრულდა.
"საქართველოს მოსახლეობაში შედიან თბილისელებიც, არათბილისელებიც, ქალაქელებიც და სოფლელებიც, ოპოზიციური და ქ/ოცნების ამომრჩევლებიც და ა.შ.", - წერს სოციოლოგი.