პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, საქართველოს გავლით რუსული სანქცირებული ტვირთები მიედინება, მათ შორის, ნავთობი. ამის შესახებ კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს მტკიცებულებები, ფაქტები და დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ქართული ოცნების კიდევ ერთი მოღალატეობრივი ქმედება და ტყუილი საზოგადოებისთვის აშკარა ხდება.
მტკიცდება, რომ საქართველო ქართულმა ოცნებამ შავ ხვრელად და რუსეთისთვის დახმარების ერთადერთ წყაროდ აქცია. ჩვენ ხელთ გვაქვს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ცხადი ხდება, რომ ყოველდღიურად საქართველოს გავლით რუსული სანქცირებული ტვირთები მიედინება, მათ შორის, ნავთობი... ჩვენ გვაქვს სქრინი, რომელიც სასაზღვრო დეპარტამენტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, გოჩა ბერიძემ მოიპოვა, ვინც ახლა უსაფრთხოების მიზნით, უკრაინაში, დევნილობაში იმყოფება. ამ ფურცელზე ვხედავთ არაერთი რუსული გემის, მათ შორის კალოპესა და გლორიას გადაადგილებას რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით... სავარაუდოდ, ხდება იმ სანქცირებული ტვირთების წარმომავლობის გათეთრება, რომელიც საქართველოში შემოდის, შემდეგ კი მისი მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირება“, - თქვა კუპრაძემ.
კუპრაძე ამბობს, რომ მათ მიერ მოპოვებულ დოკუმენტაციას თან ახლავს საქართველოს შესაბამისი უწყებების, სასაზღვრო, საზღვაო დეპარტამენტის მონაცემები ტვირთების ოდენობასა და მათ სახეობებთან დაკავშირებით.
ამასთან, ლელოს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების კლანის წევრების, მათ შორის, ვანო ჩხარტიშვილის გასამდიდრებლად, საქართველო რუსეთისთვის ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერის პროცესში მონაწილეობს.