კრისტერსონი არჩევნებზე: ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო

კრისტერსონი არჩევნებზე: ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო

შვედეთის პრემიერმინისტრმა, ულფ კრისტერსონმა შვედეთის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოსთან განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არასანდრო იყო და სხვადასხვა ფორმით აშკარა დარღვევები შეინიშნებოდა.

"ჩვენ საბოლოო ანგარიშები არ მიგვიღია, მაგრამ ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ბევრი დარღვევა იყო. ეს არჩევნები არასანდო იყო და სხვადასხვა ფორმით აშკარა დარღვევები შეინიშნებოდა. შემაშფოთებელია, რომ რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროპასთან დაახლოება, რაც ხალხის ნებაა, შეაჩეროს. ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ჩვენ არ შეგვიძლია ვიმუშაოთ ხელისუფლებებთან, რომლებიც ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, რასაც ჩვენ ვიცავთ", - აღნიშნა ულფ კრისტერსონმა.

კრისტერსონი უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც არჩევნები თავისუფალი და დემოკრატიული იყო.

"ის არ ლაპარაკობს ევრუპული ქვეყნების სახელით, ის არ ლაპარაკობს შვედეთის სახელით, შესაძლოა ლაპარაკობს რუსეთის სახელით, მაგრამ არა სხვების ნაცვლად", - განაცხადა კრისტერსონმა.

კითხვაზე, ღელავს თუ არა იმაზე, რომ შესაძლოა საქართველოში ვითარება ბელარუსის მსგავსი გახდეს, შვედეთის პრემიერმინისტრმა თქვა, რომ ევროპასთან დაახლოების შეჩერება რუსეთის ამბიციას წარმოადგენს.

"დიახ, რუსეთის ამბიცია ევროპისკენ მიმავალი გზის შეჩერება, ეს ძალიან დიდი ხანია გრძელდება. ეს არ არის ომი ტრადიციული სამხედრო ფორმებით, მაგრამ ეს არის ჰიბრიდული ომი ამ ქვეყნების წინააღმდეგ, რაც მას ნამდვილად საშიშს ხდის. ჩვენ გუშინ ვესაუბრეთ ზელენსკის, ის ასევე აღნიშნავს, რომ რასაც ახლა რუსეთი უკრაინას უკეთებს, ეს არის ზუსტად ის, რისი გაკეთებაც მათ სურთ მოლდოვაში რაც შეიძლება მალე", - აღნიშნა შვედეთის პრემიერმინისტრმა.