გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე , 25 – 181-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2002 წელს დაბადებული ზ.ი. და ამავე წელს დაბადებული რ.ბ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, გამოძალვაში დახმარების, ასევე, სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
როგორც ცნობილია, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა დროს, საზღვარგარეთ მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით მოქალაქეებს დაუკავშირდნენ და მათ სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ქონების განადგურების მუქარით, დიდი ოდენობით თანხები მოსთხოვეს, ხოლო უარის მიღების შემდეგ მოქალაქეებს სხვადასხვა სახის ქონება დაუზიანეს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ი. და რ.ბ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და სიმ ბარათები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები მოქალაქეებს თანხის გამოძალვის მიზნით უკავშირდებოდნენ", – წერია განცხადებაში.