
რუსული მედიის ინფორმაციით, კრემლში მიმდინარეობს შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფსა და ვლადიმერ პუტინს შორის.
უიტკოფი მოსკოვში ოთხშაბათს ჩავიდა, მაშინ როცა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული ვადა – რუსეთისთვის უკრაინაში ომის შეწყვეტის თაობაზე – მალე იწურება. აშშ-ის პრეზიდენტმა გააფრთხილა მოსკოვი, რომ თუ ის უახლოეს დღეებში არ გადადგამს ნაბიჯებს „საშინელი ომის“ დასასრულებლად, ვაშინგტონი მკაცრ სანქციებს დაუწესებს, მათ შორის - მეორე ხარისხის სანქციებს რუსეთის პარტნიორების მიმართ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთი მხოლოდ მაშინ გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს მშვიდობისკენ, როცა ფული გამოელევა. ის მიესალმა სანავთობო ემბარგოსა და რუსეთის მყიდველების მიმართ საბაჟო ტარიფების გამკაცრების შესაძლებლობას. მიუხედავად ამისა, ექსპერტები პესიმისტურად აფასებენ მოლაპარაკებების შანსებს - პარასკევამდე რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევა ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევა. ამ ფონზე, რუსეთი აგრძელებს მასშტაბურ საჰაერო დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების სამი რაუნდი სტამბოლში უშედეგოდ დასრულდა – სამი წელიწად-ნახევარია, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. კრემლის წინაპირობები მშვიდობისთვის კვლავ მიუღებელია როგორც კიევისთვის, ისე დასავლელი პარტნიორებისთვის. პუტინმა არაერთხელ უარყო ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობაც.
ამავე დროს, აშშ-ის ადმინისტრაციამ დაამტკიცა უკრაინისთვის დამატებით $200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება. გადაწყვეტილება ტრამპსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარს მოჰყვა, რომელშიც მხარეებმა თავდაცვითი თანამშრომლობისა და დრონების წარმოების საკითხებიც განიხილეს.
უკრაინამ ბოლო თვეებში გააძლიერა დრონებით შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რიტაც ცდილობს მოსკოვის ეკონომიკური შესაძლებლობების შემცირებას. რუსეთის საპასუხო იერიშები კი, ძირითადად, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უკავშირდება.
გასულ კვირას კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა. ეს თავდასხმა იყო ყველაზე სისხლიანი დედაქალაქზე ომის დაწყების შემდეგ.
ამასთან, უკრაინულმა მხარემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ოლქში, დასასვენებელ ბანაკზე რუსული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა.
„ამ თავდასხმას სამხედრო ლოგიკა არ გააჩნია – ეს უბრალოდ სისასტიკეა, რომელიც ხალხის დაშინებას ემსახურება,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.