რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთში მობილიზაციის საჭიროება არაა. იგი Financial Times-ის სტატიას გამოეხმაურა, რომელშიც საუბარი იყო, რომ 2024 წლის ბოლოსთვის მობილიზაცია გარდაუვალი იქნება.
"ნაკლებად სავარაუდოა, FT ესმოდეს რეალური სურათი, შეიძლება მხოლოდ იმის თქმა, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და გრძელდება კონტრაქტორი მოხალისეების აყვანა. და პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ სამხედროების მოსაზრებით, ასეთი საჭიროება არაა"', - თქვა პესკოვმა.
Financial Times-მა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეიძლება სამხედროების რეკრუტირების ამჟამინდელ ჩარჩოებს გასცდეს, რათა ფრონტზე უპირატესობა შეინარჩუნოს. წყარო ამტკიცებს, რომ ახლა ხელისუფლება მზად არის გაწიროს გარკვეული ოპერაციული წარმატებები, რათა "დაიცვან საზოგადოება" საომარ მოქმედებებში მონაწილეობისგან, მაგრამ ახალი მობილიზაციის გამოცხადების გარეშე, მისი თქმით, დიდი შეტევითი ოპერაციების განხორციელება შეუძლებელია.