
კრემლი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აშშ და რუსეთი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
პარალელურად, პირობას ასახელებს და აცხადებს, რომ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება მას შემდეგ შევა ძალაში, როცა დასავლეთი რიგი რუსული ბანკებიდან ფინანსურ სანქციებს მოხსნის და მათ SWIFT-ის ფინანსურ სისტემაში დააბრუნებს.
რუსეთის მოთხოვნაა: Россельхозбанк-სთვის და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის სანქციების მოხსნა, რომლებიც უზრუნველყოფენ, კერძოდ, აწარმოებენ და ექსპორტზე გააქვთ საკვები პროდუქცია და სასუქები, ასევე, მათი დაკავშირება SWIFT-თან.
გუშინ, 24 მარტს ერ-რიადში ამერიკელმა და რუსმა წარმომადგენლებმა 12-საათიანი მოლაპარაკება ჩაატარეს, 23 მარტს კი აშშ-ის დელეგაცია უკრაინელ კოლეგებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ განცხადება თეთრმა სახლმა დღეს, 25 მარტს გამოაქვეყნა. თეთრი სახლის განცხადებით, რუსეთი და უკრაინა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
კერძოდ, განცხადების თანახმად, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, უზრუნველყონ კომერციული გემების უსაფრთხო დერეფანი და შეწყვიტონ სამხედრო დარტყმები შავ ზღვაში.
განცხადების თანახმად, აშშ და უკრაინა შეთანხმდნენ, უზრუნველყონ უსაფრთხო ნავიგაცია, აღმოფხვრან ძალის გამოყენება და აღკვეთონ კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება შავ ზღვაში.
გარდა ამისა, თეთრი სახლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ ზომების შემუშავებაზე, რომლებიც კრძალავს თავდასხმებს რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
"აშშ და რუსეთი გააგრძელებენ მუშაობას გრძელვადიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. [...] მიესალმებიან მესამე ქვეყნებს საზღვაო და ენერგეტიკული შეთანხმებების განხორციელების მხარდაჭერაში", - ვკითხულობთ განცხადებაში.