კრემერი: ქართული ოცნება პანიკაშია, ჯერ კიდევ აქვს დრო, დაასრულოს ქართული კოშმარი

გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას სასტიკად დაესხნენ თავს სამთავრობო კრიმინალები, მათ შორის ერთ-ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი და ე.წ. პარლამენტის წევრი იყო. გახარია დასისხლიანებული დატოვეს, გატეხილი ძვლებით და საავადმყოფოში გადაიყვანეს. კოლეგებო, სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა.

გასულ კვირებსა და თვეებში 400-ზე მეტი ქართველი, მათ შორის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და უბრალო მოქალაქეები დააკავეს, აწამეს და დააპატიმრეს. მათი დანაშაული კი უკვე 55-ე დღეა ევროპული მომავლის მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლაა. მე ამ ადამიანების სიმამაცე დეკემბერში ჩვენი ვიზიტის დროს ვნახე. ყველა ასაკისა და პროფესიის, ახალგაზრდები და მოხუცები, მდიდრები და ღარიბები, კონსერვატორი და ლიბერალები დგანან ერთად, იბრძვიან ევროკავშირში მომავლისთვის, უფლებისთვის, წარმოადგინონ საკუთარი ქვეყანა ამ დარბაზში, ევროპარლამენტში.

ამას აკეთებენ მაშინ, როცა იციან რომ ქართული ოცნების რეპრესიებისგან დაცული არავინ არ არის, მათ შორის არც ყოფილი პრემიერი და არც პრეზიდენტი, რომელიც ერთი თვის წინ აქ წარდგა სიტყვით.

ქართველები არ დაშინდნენ, რადგან ძალადობის ესკალაცია არ არის ძლიერების ნიშანი, ეს ნიშანია იმის, რომ ქართული ოცნება პანიკაშია. პანიკაში არიან იმიტომ, რომ ვერ შეაფასეს ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის ძალა. მათ ეგონათ, რომ გააყალბებდნენ არჩევნებს და იმოქმედებდნენ რუსული გეგმით, მაგრამ ნელ-ნელა იაზრებენ, რომ ეს იყო ეშმაკთან დადებული გარიგება.

პუტინი არ ეძებს პარტნიორებს და მოკავშირეებს, ის ეძებს ვასალებს და კოლონიებს, ჩვენ ვიხილეთ სირია, რომელშიც ხელისუფლება, პუტინზე დაყრდნობით, საკუთარ ხალხს უწყობდა რეპრესიებს.

ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ აქვს დრო, რომ დაასრულოს ქართული კოშმარი. ევროპისა და თავისუფლების კარი ღია რჩება, მაგრამ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ შეწყვიტოს საკუთარ ხალხზე ძალადობა. მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ

თქვა ევროპარლამენტარმა ტობიას კრემერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოზე დებატების დროს.