თქვენ ახლა ჩემს უკან ხედავთ წარწერას, საქართველოს მთავრობა, მაგრამ სინამდვილეში უნდა ეწეროს რუსეთის მთავრობა, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ რუსეთის მსგავსად იზრდება სინდისის პატიმრების რიცხვი და ციხეში იზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც საქართველოს მომავლისათვის იბრძვის. დღეს განსაკუთრებულად გვინდა გამოვყოთ სინდისის პატიმარ მზია ამაღლობელი, რომელიც არის ამ რეჟიმის ნომერ პირველი ქალი მედია მენეჯერი სინდისის პატიმარი. მზია ამაღლობელი სწორედ იმიტომ არის დევნის მსხვერპლი, რომ თითოეული თქვენგანი, მედიის წარმომადგენელი დააშინონ და ვერ გაბედონ ივანიშვილისა და მისი ხელისუფლების დანაშაულებრივ საქმიანობაზე საუბარი. მზია ამაღლობელი არის სწორედ სანიმუშო პატიმარი იმისთვის, რომ მედიამ ვერ ამოიღოს ხმა და შესაბამისად, საზოგადოებამ ვერ მიიღოს ზუსტი, სწორი და სანდო ინფორმაცია.
მზია ამაღლობელი უკვე მე-12 დღეა შიმშილობს და ეს უკვე საგანგაშო პერიოდია მისი ჯანმრთელობისათვის, ამიტომ ჩვენ ქალი პოლიტიკოსები, კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ შევიდეს გენერალური პროკურატურა სასამართლოსთან შუამდგომლობით და შეცვალოს პატიმრობის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესების ცუდად წარმართვის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც რუსული მთავრობის შენობაში მყოფ ადამიანებს, ივანიშვილს, გენერალურ პროკურორს და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროცესშია მონაწილე.
თქვა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის წევრმა, თამარ კორძაიამ.
თამარ კორძაიამ, ასევე, პარტია საქართველოსთვის წარმომადგენელმა, თეონა აქუბარდიამ და ძლიერი საქართველოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადეს, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილს გაუგზავნიან, რომელსაც ქალი პოლიტიკოსები აწერენ ხელს.