აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი თომას კინი ამბობს, რომ ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ქმედებები - თავდასხმები პარტნიორებზე, რუსეთსა და ჩინეთთან ახლო ურთიერთობების ძიება, რუსული კანონის მიღება "იმედგამაცრუებელია".
ეს განცხადება მან აშშ-ის კონგრესში გააკეთა, სადაც საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკაზე მოსმენა მიმდინარეობს. მოსმენა კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტმა მოიწვია.
მისი თქმით, რუსულმა კანონმა შეწყვიტა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან და ეს ქმედებები ქმნის საფრთხეს, რომ ათწლეულების განმავლობაში მოპოვებული პროგრესი დასავლეთთან ურთიერთობაში შემოტრიალდება.
"სამწუხაროდ, საქართველო, ბოლო წლებში ძალიან განსხვავებულ გზას გაჰყვა, ვიდრე მოლდოვა. მას შემდეგ, რაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირისგან, ქართველმა ხალხმა მტკიცედ აჩვენა, რომ სურდა კორუფციის აღმოფხვრა, ქვეყნის საბჭოური წარსულის გადაგდება, აშშ-სა და ევროპასთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარება.
ქართველები იბრძოდნენ და სისხლი დაღვარეს არა მხოლოდ 2008 წელს რუსეთის აგრესიული ომისგან საკუთარი ქვეყნის დასაცავად, არამედ იბრძოდნენ ამერიკელი ჯარისკაცების გვერდითაც. საქართველო იყო პირველი NATO-ს არაწევრი ქვეყანა, რომელმაც გაგზავნა ავღანეთში ჯარისკაცები.
სწორედ ამიტომ, საქართველოს მოქმედი მთავრობის - ქართული ოცნების ბოლო ქმედებები ამდენად იმედგამაცრუებელია. ბოლო წლებში ქართულმა ოცნებამ დაუშვა, რომ მომხდარიყო მისი ინფილტრაცია მავნე ელემენტებით, დაიწყო დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმები, რუსეთსა და ჩინეთთან უფრო ახლო ურთიერთობების ძიება.
მაისში საქართველოს მთავრობამ ეგრეთ წოდებული უცხოური აგენტების კანონი მიიღო საქართველოს დასავლელი პარტნიორების არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მათ შორის წერილის, რომელიც თავმჯდომარე მაკკოლმა და ერთ-ერთმა ლიდერმა მიკსმა შეადგინეს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ როგორც მე, ასევე ბევრმა ჩემმა აქ მყოფმა კოლეგამ.
არ შეგეშალოთ - საქართველოს უცხოური აგენტების კანონმა შეწყვიტა საქართველოს ურთიერთობები დასავლეთთან. ეს ქმედებები საქართველოს ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრძოლაში მოპოვებული პროგრესის შემოტრიალების საფრთხეს ქმნის და სახეში აფურთხებს ქართველ ხალხს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
საქართველოს ბევრი მოქალაქე მამაცად და მშვიდობიან გამოვიდა ქუჩებში, რათა წინააღმდეგობა გამოეხატა მათი მთავრობის მავნე ქმედებების მიმართ. სამწუხაროდ, ისინი ძალადობრივად დაარბიეს და დააკავეს.", - თქვა მან.