კონგოს რესპუბლიკაში წყალდიდობას სულ მცირე 176 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაშავდა.
ძლიერმა წვიმამ სამხრეთ კივუში, კალეჰეს ტერიტორიაზე მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვია, რის შედეგადაც რამდენიმე სოფელი დაიტბორა.
სამხრეთ კივუს გუბერნატორის ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 176-ს აღწევს, თუმცა დაკარგულ ადამიანებს კვლავ ეძებენ.
"ხალხს ღია ცის ქვეშ სძინავთ, სკოლები და საავადმყოფოები განადგურდა" - განაცხადა ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციის წევრმა კასოლ მარტინმა.
კალეჰეს ტერიტორიაზე მთავარი საავადმყოფოს ექიმმა რობერტ მასამბამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის 56-ზე დაშავებული შეიყვანეს, მათ 80%-ს მოტეხილობები აქვს.
სამხრეთ კივუში წყალდიდობა და მეწყერი ხშირია. ეს რეგიონი რუანდას ესაზღვრება, სადაც ძლიერი წვიმის გამო ამ კვირაში ღვარცოფმა 130 ადამიანი იმსხვერპლა და 5 000-მდე სახლი გაანადგურა.
კონგოში მსგავსი მასშტაბის ინციდენტი 2014 წლის ოქტომბერში მოხდა, როცა ძლიერმა წვიმამ 700-ზე მეტი სახლი გაანადგურა. გაეროს ცნობით, ამ ინციდენტისას 130-ზე მეტი ადამიანი გამოცხადდა დაკარგულად.