კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი 5 000 ლარით დააჯარიმა. ტელეკომპანიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.
მთავარი არხის იურისტი თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ComCom-მა ტელეკომპანია ქართული ოცნების საარჩევნო კლიპის განუთავსებლობის გამო დააჯარიმა, რომელშიც სამიზნედ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან ამოღებულნი.
მისი თქმით, წინასაარჩევნო რეკლამა უნდა იყოს - ან თავად პოლიტიკური სუბიექტის და პარტიის ხელშემწყობი, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი, ქართული ოცნება კი კონკრეტული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ იყენებს მას.
"ეს კლიპი, კონკრეტული ნაწილი, რომელიც სადავოა ეწინააღმდეგება კანონს, სამიზნედ არიან აღებული მოქალაქეები, კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც არ არიან პოლიტიკური სუბიექტები, არც ცესკო-ში რეგისტრირებული პოლიტიკური სუბიექტები, არ იღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო კანონმდებლობის თანახმად, წინასაარჩევნო რეკლამა არის ისეთი რეკლამა, რომელიც თავად პოლიტიკური სუბიექტის ან პარტიის ხელშემწყობია, ან სხვა პოლიტიკური სუბიექტის ხელშემშლელი.
ქართული ოცნების დაჟინებული მოთხოვნაა, რომ ამ ადამიანების წინააღმდეგ იყოს ეს გზავნილი, ისინი არიან წარმოჩენილი, როგორც საზოგადოების მორალური გადამგვარებლები, ამის მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიამ ჩათვალა, რომ ასეთი კლიპი უნდა განთავსდეს ეთერში", - ამბობს მთავარი არხის იურისტი.
კომუნიკაციების კომისიამ 11 სექტემბერს მთავარი არხის წინააღმდეგ ქართული ოცნების საჩივარი დააკმაყოფილა და ტელეკომპანიას სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
სხდომაზე ComCom-მა მიიჩნია, რომ ქართული ოცნების სადავო პოლიტიკურ რეკლამაში არ ჩანს სიძულვილის ან ძალადობის წაქეზება, ან მოწოდება ძალადობისკენ.
"საარჩევნო სუბიექტის მიერ დამზადებული ვიდეო-რგოლი ემსახურება პოლიტიკური გაერთიანების წინასაარჩევნო ხედვის წარდგენას. შესაბამისად, წარმოდგენილი ვიდეო-რგოლი არ არღვევს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და მაუწყებელი ვალდებული იყო ის ეთერში განეთავსებინა", - თქვეს კომუნიკაციების კომისიაში.