ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა "რელიგიური ნივთების შეურაცხყოფის" შესახებ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო. ეს განცხადება მან ტელეკომპანია იმედის ეთერში გააკეთა.
კობახიძის თქმით, "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის და ვანდალიზმის" საკითხი უნდა მოწესრიგდეს.
"როდესაც [ეკლესიაზე] თავდასხმები განსაკუთრებულ სახეს იძენს და ინტენსივობას იძენს, ასეთ დროს ჩვენი ჩარევაც არის ხოლმე აუცილებელი. ამ შემთხვევაში, იყო ძალიან სერიოზული შეტევის მცდელობა ეკლესიაზე. [...] საბოლოო ჯამში, ეს არის იმ შეტევის ნაწილი, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. [...] ჩვენ დავაანონსეთ კიდეც, ანრი ოხანაშვილმა ჩაატარა ბრიფინგი და ვთქვით, რომ კანონპროექტზე დაიწყება მუშაობა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ რისკებს შეიცავს რელიგიური გრძნობების, ტაძრების შეურაცხყოფა.
აქედან გამომდინარე, ეს თემა ცხადია, საჭიროებს მოწესრიგებას. ეს განსაკუთრებით მძაფრად შევიგრძენით მას შემდეგ, რაც განხორციელდა ეს ვანდალიზმის აქტი სამების ტაძარში. შესაბამისად, ნებისმიერ კონფესიასთან მიმართებით, ეს არ შეეხება მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას, ნებისმიერ ეკლესიასთან, რელიგიასთან მიმართებით, თუ საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, ვანდალიზმს და ა.შ. საკითხი უნდა მოწესრიგდეს. შესაბამისად, დაწყებულია უკვე კანონპროექტზე მუშაობა, ჩართული იქნება ყველა შესაბამისი მხარე პროცესში", - თქვა კობახიძემ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რომ "ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეს იქნება სადამსჯელო ინსტრუმენტი მათ წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან", რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ "ვანდალებს სჭირდებათ დასჯა".
"ვანდალებს სჭირდებათ დასჯა. თუ ვინმე ვანდალიზმს ჩაიდენს, ის უნდა დაისაჯოს. ამისთვის არის კანონი, სადაც იქნება რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მცდელობა. თან, პირდაპირ ვთქვით, რომ ავიღებთ საუკეთესო პრაქტიკას, ავიღებთ დასავლურ, ევროპულ გამოცდილებას და ამის მიხედვით მომზადდება ეს კანონპროექტი. ყველას შეუძლია ჩაერთოს კანონპროექტის მომზადებაში და თავად შეუძლიათ დააფიქსირონ საკუთარი კონკრეტული არგუმენტირებული მოსაზრებები თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. შესაბამისად, აქ მე ვერანაირ რისკებს ვერ ვხედავ. კანონპროექტი მომზადდება კონსტიტუციის ჩარჩოებში, ფარგლებში, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი", - ამბობს კობახიძე.
ასევე, ჟურნალისტმა ჰკითხა კობახიძეს, ხომ არ იქნება კანონპროექტი აღქმული, როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რაზეც მმართველი გუნდის თავმჯდომარემ თქვა, რომ "ნებისმიერი უფლება ექვემდებარება შეზღუდვას, თუმცა ეს შეზღუდვა განხორციელდება თანაზომიერად".
"მთავარი ამოცანა კანონმდებლის არის სწორედ ბალანსის გამონახვა. ნებისმიერი უფლება ექვემდებარება შეზღუდვას, მთავარია, რომ ეს შეზღუდვა განხორციელდეს თანაზომიერად, ეს არის ადამიანის უფლებების ფუძემდებლური პრინციპი. სწორედ ოქროს შუალედის გამონახვა არის კანონმდებლის მთავარი ამოცანა და ბუნებრივია, ამ პრინციპით იმუშავებს იურიდიული კომიტეტი, როცა მომზადდება ეს კანონპროექტი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
აქტივისტი ნატა ფერაძის მიერ იოსებ სტალინი გამოსახულებიანი ხატისთვის საღებავის შესხმის შემდეგ, ქართულმა ოცნებამ რელიგიური ნივთების შეურაცხყოფისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამკაცრება დააანონსა.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ იოსებ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხეს.
მანამდე, ხატის შესახებ ფოტო და ვიდეო მასალები სოციალურ ქსელში 7 იანვარს გავრცელდა - დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ დაწერა, რომ სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული.
მოგვიანებით ხატის ამსახველი ვიდეო პარლამენტის ყოფილმა წევრმა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერმა, გიორგი კანდელაკმაც გამოაქვეყნა.
საღებავის შესხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გუშინვე დაიწყო - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.