ქართული ოცნების თავმჯომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რაც აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა რუსების შემოსვლაზე თქვა, "ქართველი ხალხი ასე არ ფიქრობს".
დეგნანმა ბათუმის პორტში რუსების კრუიზის წინააღმდეგ პროტესტზე თქვა - "არავინ უნდა ელოდოს, რომ ქართველები მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, აქვს ხელოვნურად შექმნილი "საზღვარი" და აკავებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ხანდახან თვეობით ჰყავთ ტყვეობაში".
კობახიძემ ისაუბრა, რომ ელჩის ეს განცხადება გაუგებარია და საერთოდ არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების პოზიციას.
"ეს გაუგებარი განცხადება იყო, რბილად რომ ვთქვათ. ასე არავინ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა, ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგნელები, რომ არც ერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში, საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა არის სხვა აზრზე... და ქართველი ხალხის [სახელით] საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 ნაციონალის აქციას და ამას არქმევ ქართველი ხალხის პროტესტს, ეს ხომ გაუგებარია. იგივე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, იგივე თქვა ერთ-ერთმა ელჩმა, საზოგადოება შეაფასებს ამ ყველაფერს, ეს უბრალოდ არასწორია", - განაცხადა კობახიძემ.
ელჩის სრული განცხადება რუსების კრუიზზე:
"არ აქვს მნიშვნელობა მე რას ვფიქრობ, მთავარია, რას ფიქრობს ქართველი ხალხი და ეს მათ ძალიან მკაფიოდ და ნათლად აჩვენეს. არავინ არ უნდა ელოდოს, რომ [ქართველები] მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას, მაშინ როდესაც ხელოვნურად შექმნილი ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლით ის ოჯახებს ყოფს, მაშინ როდესაც აკავებენ საქართველოს მოქალაქეებს და ხანდახან თვეობით ჰყავთ ტყვეობაში და არ უშვებენ. ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხალხი სახმელეთო გზით შემოდის, თუ ზღვით. ჩემი აზრით, ქართველი ხალხი მკაფიოდ აჩვენებს, რომ მათ ეს არ სურთ. ქართველები იყენებენ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, გამოხატონ ეს გრძნობა და გააპროტესტონ. ეს გახლავთ დაშვებული დემოკრატიულ სახელმწიფოში და დაშვებულია კონსტიტუციით", - თქვა დეგნანმა.
31 ივლისის გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული საკრუიზო გემი შემოვიდა. ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც არიან.
ლაინერის შემოსვლის პარალელურად, ბათუმში მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია ბათუმში გვიან ღამით დაიწყო. ადგილზე იყო ხმაური და დაპირისპირებაც. შსს-ში ამბობენ, რომ აქციაზე 9 ადამიანი დააკავეს.
აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, პოლიციამ ბათუმის პორტთან და ნავსადგომთან მისასვლელი მონაკვეთები გადაკეტა.
28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსი ოკუპანტები ბათუმში კიდევ ერთ საკრუიზო მოგზაურობას გეგმავენ, სახელწოდებით ვარსკვლავური კრუიზი.
ლაინერზე ტელეკომპანია RU.TV-ის პროპაგანდისტი წამყვანები და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი მომღერლებიც იქნებიან. ბორტზე იქნებიან: მომღერლები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი, ასევე ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი.
ლაინერი 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გაივლის მარშრუტს სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული და ბოლოს ისევ სოჭში დაბრუნდება.
მანამდე ლაინერმა Astoria Grande-მ ერთი მოგზაურობა ბათუმში უკვე მოაწყო. 22 ივლისს ლაინერმა სოჭიდან ახალი მარშრუტით მოგზაურობა დაიწყო. გემი ბათუმის პორტში 27 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.
ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემი იყო გაჩერებული მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. პარალელურად, აქცია გაიმართა თბილისშიც, პარლამენტის შენობასთან.მოსახლეობის პროტესტის ფონზე საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი დროზე ადრე დატოვა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, რომ გემი თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ს ემსახურება და მისი შემოსვლა კომერციული ხასიათისაა.