პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ხე-ტყის უკანონო ჭრასა და უკანონო ტყითსარგებლობაზე დაწესებული სანქციები მკაცრდება.
მთავრობის სხდომაზე მან თქვა, რომ შესაბამისი კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა.
ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით პასუხისმგებლობის გამკაცრებას გულისხმობს, სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის.
"ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე მკაცრდება სანქცია. აქამდე იყო 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1-დან 3 წლამდე განისაზღვრება ახალი სანქცია. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი, 287-ე სეკუნდა მუხლი, რომელიც ეხება სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხე-ტყის, იგივე მორის განთავსებას. ამ სამართალდარღვევისთვის მანამდე გათვალისწინებული იყო მხოლოდ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ახლა უკვე განისაზღვრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა - საუბარია 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთაზე. თუ დიდი ოდენობით ხდება მრგვალი ხე-ტყის უკანონოდ განთავსება, ამ შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის სანქციად გათვალისწინებული" - თქვა კობახიძემ.
კობახიძის თქმითვე, სანქციები ასევე მკაცრდება მერქნული მცენარის გაჩეხასა და დამზადებაზე.
„ცვლილებებით ასევე დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნული მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხისთვის და გათვალისწინებული იქნება 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ასევე სანქციები მკაცრდება მრგვალი ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზეც. აქაც არის მკაცრი სანქცია - 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის ცნობით, კანონპროექტი უახლოეს დღეებში იქნება ინიციირებული პარლამენტში.