პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამნისტიის შესახებ კანონის მიღებას აპირებენ. როგორც მან პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას თქვა, პატიმრების რაოდენობა უნდა შემცირდეს და ამ მხრივ ევროპულ მაჩვენებელს უნდა დავუახლოვდეთ.
"ვმუშაობდით აქტიურად, იუსტიციის სამინისტრო იყო პირველ რიგში ჩართული. უკვე არის შედგენილი, მომზადებული სია მუხლებისა, პუნქტებისა სისხლის სამართლის კოდექსიდან, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ამნისტიის წესით პირთა გათავისუფლებას. გეგმაში გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში დავაინფიციროთ შესაბამისი კანონპროექტი, ივლისში ალბათ მოგვიწევს რიგგარეშე სესიაზე საუბარი, გარკვეული საკითხები იქნება განსახილველი. ივლისში იქნება შესაძლებელი ამ კანონპროექტის მიღება პირველი მოსმენით ისე, რომ სექტემბერში სამი მოსმენით დასრულდეს ამნისტიის კანონის მიღება", - თქვა კობახიძემ.
ევროპის საბჭომ 6 ივნისს პატიმრების რაოდენობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2022 წლის იანვრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე პერიოდს მოიცავს და რომლის თანახმადაც, 100 000 მოსახლეზე საქართველო ევროპის საბჭოს 46 ქვეყანას შორის მეორე ადგილზეა. ყველა ქვეყანას შორის სიაში თურქეთი ლიდერობს 408 პატიმარით 100 000 მოსახლეზე, ხოლო საქართველო მეორე ადგილზეა 236.6 პატიმრით 100 000 მოსახლეზე.