ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპაში ბიუჯეტის ფულით რომ წასულიყო, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნებოდა. რამდენიმე დღის წინ ზურაბიშვილმა ევროპაში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ვიზიტები პირადი სახსრებით დაგეგმა.
კობახიძის თქმით, შემაშფოთებელია ზურაბიშვილის განცხადება, რომ ის კვლავ აპირებს ევროპაში ვიზიტებს.
"რა თქმა უნდა, მას რომ გაეწია ბიუჯეტის ხარჯი არაკონსტიტუციურ ვიზიტთან მიმართებით, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. ამიტომ არ გასწია მან ბიუჯეტიდან ხარჯი.
[ზურაბიშვილის განცხადება] არის პირდაპირ მისი მხრიდან საჯარო აღიარება იმისა, რომ მას შეცნობილი ჰქონდა მისი ვიზიტის არაკონსტიტუციური შინაარსი. მას ჰქონდა შეცნობილი და ამიტომ არ გასწია ბიუჯეტიდან ხარჯები.
შესაბამისად, ეს იყო ძალიან კარგი საჩუქარი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წინ. მან პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ არღვევდა კონსტიტუციას, რომ არღვევდა ეს ისედაც დღესავით ნათელია, მაგრამ მან მისცა პირდაპირი ჩვენება საკონსტიტუციო სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ, შეგნებულად, მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას და მან ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია", - თქვა კობახიძემ.
ქართული ოცნება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც გაემგზავრა ევროპაში, რითაც "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".
კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამ პროცედურის ბოლომდე მისაყვანად საჭიროა 100 პარლამენტარის, მათ შორის ოპოზიციის წევრების ხმებიც, რის გამოც იმპიჩმენტის სისრულეში მოყვანა შეუძლებელია, თუმცა, მანვე განმარტა, რომ ამის მიუხედავად პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.
30 აგვისტოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავდა.
მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.