კობახიძე ვიზის რიგში დგომაში პრობლემას ვერ ხედავს, მასობრივ ემიგრაციას უვიზოს უკავშირებს

კობახიძე ვიზის რიგში დგომაში პრობლემას ვერ ხედავს, მასობრივ ემიგრაციას უვიზოს უკავშირებს

ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროპული ვიზის რიგში დგომაში პრობლემას ვერ ხედავს და მეტიც, მასობრივ ემიგრაციას ვიზალიბერალიზაციას უკავშირებს.

კერძოდ, რუსთავი 2-ის ეთერში ირაკლი კობახიძე უვიზო რეჟიმის "მიუნსებზე" ალაპარაკდა და თქვა, რომ "ვიზალიბერალიზაციის არარსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე".

"აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან. აქ საუბარია ერთადერთ რამეზე - ვიზის რიგში ჩადგები თუ არ ჩადგები. დიდ ბრიტანეთში ვიზის რიგში დგებიან ჩვენი მოქალაქეები, ტექნიკური საკითხია, დისკომფორტია, მაგრამ ვიზას აიღებ და მიდიხარ. აშშ-ში ანალოგიურად დგები ვიზის რიგში, მიიღებ არ მიიღებ, შესაბამისად, წახვალ ან არ წახვალ. მაგრამ, ეს ეკონომიკაზე არ აისახება.

ერთი მინუსი, რაც აქვს ვიზალიბერალიზაციას, ეს არის მიგრაციის წახალისება. ეს გამოჩნდა ლიეტუვის და ლატვიის მაგალითზე. როცა ევროკავშირის წევრი გახდა უკვე ლიეტუვა და შესაბამისად, ეს სავიზო რეჟიმი მოიხსნა, ასევე, ლატვია - ერთ ქვეყანაში 600 ათასით შემცირდა მოსახლეობა, მეორეში 400 ათასით. რატომ - იმიტომ რომ, სხვაობა არის, მათ შორის ჯერ კიდევ საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, სადაც მეტი ეკონომიკაა, იქითკენ წაიმართება მიგრაციული პროცესები და ვიზალიბერალიზაცია, რა თქმა უნდა, ამის წამახალისებელია.

ვიზალიბერალიზაციის არარსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად, გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს რა თქმა უნდა, პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპის დამატებით გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე, არის ცარიელი სპეკულაცია, ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზალიბერალიზაციას", - ამბობს ის.