ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წელს 26 მაისის აღსანიშნავად პარლამენტის შენობაზე მხოლოდ საქართველოს დროშების გადმოფენას იმით ხსნის, რომ დამოუკიდებლობის დღე "თავიდან ბოლომდე აგებული უნდა იყოს ეროვნულ სიმბოლიკაზე".
კობახიძე ამტკიცებს, რომ შარშანდელი წელი გამონაკლისი იყო და ევროკავშირის დროშების აღმართვის მიზეზი კანდიდატის სტატუსზე განაცხადის შეტანა იყო.
გარდა ამისა, ამავე კონტექსტში მან "უსამშობლო" უწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც Facebook-ზე ე.წ ჩარჩოდ მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები უყენიათ.
"კიდევ ერთი, მორიგი ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია. 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა. შესაბამისად, 26 მაისი არის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებული უნდა იყოს ეროვნულ სიმბოლიკაზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე. ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი, არც მანამდე წინა ხელისუფლების დროს და არც მომდევნო წლებში, არასდროს სხვა ელემენტი არ იყო ჩართული შესაბამისი დღის გაფორმებაში.
ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები, ძირითადად ეს არიან ნაციონალები, ფსევდო ლიბერალები და მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც მაგალითად ფეისბუქზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები"- ამბობს კობახიძე.
გასული წლისგან განსხვავებით, 26 მაისთან დაკავშირებით პარლამენტის შენობა ევროკავშირის დროშით აღარ გააფორმეს. ამის გამო ხვალ, მსვლელობა, სახელწოდებით, საქართველო ირჩევს ევროპას დაანონსდა. ორგანიზატორების განცხადეებით, მოქალაქეები 10:30 საათზე რუსთაველის ძეგლთან ევროკავშირის დროშებით შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტის ტერიტორიისკენ გაემართებიან.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სადღესასწაულო გაფორმება ყოველწლიურად სხვადასხვა თემატიკის მიხედვით ხდება.