პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გასვლისთვის ეროვნულ ნაკრებს ფონდი ქართუსგან 30 მილიონი ლარი უკვე გადაეცა. ამის კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
"რა თქმა უნდა, ზოგადად, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ღირებულია ის მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას შექმნის. უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი, რომელიც დაწესებული იყო ჯგუფიდან გასვლისთვის. ჩვენ შევახსენეთ, როდესაც შევხვდით ნაკრების მოთამაშეებს, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ასეთ ჯილდოსთან. ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის მოტივაციას... კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამატებით მოტივაცია არ სჭირდებათ, ძალიან დიდია მათში ჟინი და მოგების სურვილი. ყველაფერი არის შესაძლებელი", - თქვა კობახიძემ.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ განაცხადა, რომ ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, ნაკრებს 30 მილიონს გადასცემდა. ამასთან, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ფონდი ქართუ ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.