კობახიძე სანქციებზე: 2,5 მლრდ დოლარს დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა - ვინმე გვიკომპენსირებდა?

კობახიძე სანქციებზე: 2,5 მლრდ დოლარს დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა - ვინმე გვიკომპენსირებდა?

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ისევ იმეორებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით ოკუპანტ ქვეყანას "ნულოვანი ზიანი" მიადგებოდა, ხოლო ჩვენი ეკონომიკა, მინიმუმ, 10-დან 18%-მდე შემცირდებოდა. აქვე ის სვამს კითხვას - ასეთ შემთხვევაში, ვინ დაუკომპენსირებდა საქართველოს ამ დანაკარგს.

"მათემატიკური სიზუსტით არის დათვლადი და დათვლილი ის, რომ სანქციების დაწესება გამოიწვევდა 10-დან 18%-მდე ქართული ეკონომიკის შემცირებას, ეს რომ გადავიყვანოთ თანხებში, ქართული ეკონომიკა დაკარგავდა მინიმუმ 2,5 მილიარდ დოლარს და შეიძლებოდა, დანაკარგი ყოფილიყო 4,5 მილიარდი დოლარი, რაც არის კოლოსალური თანხები. ეს ყველაფერი გამოიწვევდა რამდენიმე ასეული ათასი ჩვენი თანამოქალაქის სამუშაო ადგილების დაკარგვას, კრედიტების ვერდაბრუნებას, ახალი ვალების აღებას.

შეგვიძლია, ვკითხოთ საქართველოს მოქალაქეებს, უღირთ თუ არა ასეთ მსხვერპლზე წასვლა, თან იმ პირობებში, როდესაც რუსეთს ვერავითარ ვერც პოლიტიკურ და ვერც ეკონომიკურ ზიანს ვერ აყენებ. ესე იგი, 2,5 მილიარდიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე დაკარგავდა ჩვენი ეკონომიკა და კითხვა უნდა დაისვას - ვინმე გვიკომპენსირებდა ამას?", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ისაუბრა ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების დემარშზე და განაცხადა, რომ მათ პირდაპირ მოითხოვეს სანქციების დაწესება, რაც მმართველი პარტიისთვის "სიურპრიზი და გაუგებარი" იყო. კობახიძე ამტკიცებს, რომ ამას "რადიკალური ოპოზიციის" წარმომადგენლებიც კი აღარ ითხოვენ.

"რეალურად, მთავარი მოთხოვნა იყო სანქციების დაწესება, რაც ჩვენთვის აღმოჩნდა აბსოლუტურად მოულოდნელი, სიურპრიზი, გაუგებარი. თქვენ გახსოვთ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არა მარტო პარტნიორები, არამედ რადიკალური ოპოზიციაც ამბობდა უკვე, რომ ისინი არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, იმდენად მკაფიო გახდა საზოგადოებისთვის რატომ არის არასწორი, არამარტო არასწორი, რადიკალურად არასწორი სანქციების დაწესება, რომ რადიკალური ოპოზიციაც იკავებდა თავს ამ მოთხოვნისგან, ანუ, ისინი ამბობდნენ, რომ არ ითხოვდნენ სანქციების დაწესებას, მე პირადად დამიდასტურეს ეს სხდომათა დარბაზში.

ასეთ ფონზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის სრულიად გაუგებარი იყო, როგორ შეიძლებოდა, ევროკავშირის ელჩებს მოეთხოვათ საქართველოსგან სანქციების დაწესება. მე კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რას გამოიწვევდა სანქციების დაწესება - პირველი, ეს იქნებოდა, რა თქმა უნდა, ესკალაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტის კუთხით ეს იქნებოდა სერიოზული რისკების შემცველი გადაწყვეტილება", - თქვა მან.

29 მაისს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ვიცეპრემიერ ლევან დავითაშვილს რუსეთთან ფრენებზე ოფიციალური დემარშით მიმართეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით მათ შეშფოთება გამოხატეს.

ჰერჩინსკიმ თქვა, რომ ფრენებთან დაკავშირეით გადაწყვეტილება რუსეთმა მიიღო, თუმცა ეს მოითხოვდა თანხმობას საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც.