საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის სრულიად შეუფერებლები არიან და რაც ნაკლები შევა პარლამენტში, უკეთესი იქნება.
"თუ არ შემოვლენ პარლამენტში, მით უკეთესი. რა უნდა პარლამენტში გვარამიას, ხოშტარიას, ჯაფარიძეს, ბოკუჩავას, სამადაშვილს, გრიგოლ გეგელიას, საბა ბუაძეს, თაზო დათუნაშვილს? ისინი საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის სრულიად შეუფერებელი სახეები არიან! რაც ნაკლები შემოვა პარლამენტში, მით უკეთესი", - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერის თქმით, პარლამენტი ლეგიტიმურად არჩეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტში ოპოზიცია არ შევა. კობახიძემ აღნიშნა, რომ 2021 წლისაგან განსხვავებით ოპოზიციასთან არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება.
"ჩვენ ჯერ კიდევ 2021 წელს ვთქვით, რომ არც ერთ შემთხვევაში და არასდროს ისეთ შეთანხმებას აღარ გავაფორმებთ, როგორიც 19 აპრილის შეთანხმება იყო და რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლას გულისხმობდა. შესაბამისად, არც ერთ შემთხვევაში ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში არ შევალთ. მთავარია, რომ პარლამენტი არის ლეგიტიმური. 2021 წლის კრიზისი ხელოვნური კრიზისი იყო", - განაცხადა კობახიძემ.