კობახიძე პოლოლიკაშვილზე: მესიჯმა დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად მართებული იყო

კობახიძე პოლოლიკაშვილზე: მესიჯმა დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად მართებული იყო

რეჟიმის პრემიერი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გამოიწვიეს, რადგან "კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ელჩების დაბარება დაიწყეს დემარშით" იმის გამო, რომ მისი კანდიდატურა მესამედ იყო წარდგენილი.

ის ასევე ამბობს, რომ "კიდევ იყო დამატებით სხვა მიზეზები", თუმცა დეტალებზე არ ლაპარაკობს.

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა ზურაბ პოლოლიკაშვილის მიერ ფორმულასთვის გამოგზავნილ წერილსაც და თქვა, რომ "ამ მესიჯმა დაადასტურა მყარად ის, რომ [გამოწვევაზე] გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული თავისი შინაარსით და ლექსიკის გათვალისწინები".

"ჩემთვის დასანანი იყო, რაღაც მესიჯი გავრცელდა ზურა პოლოლიკაშვილის მხრიდან. იქ Deep State-ზე იყო საუბარი. რა შუაშია ამ თემასთან Deep State საერთოდ ვერ გავიგე, მაგრამ ზოგადად დასანანია. თან ის არის მოქმედი ხელმძღვანელი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის და როდესაც გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ასეთი ლექსიკით საუბრობს, ეს ნუ ძალიან საინტერესოა. კონკრეტულ ტერმინებს აღარ გამოვიყენებ, რაც მან გამოიყენა.

აღარ მინდა დეტალებში შევიდე რა იყო გადაწყვეტილების მიზეზი. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ჩვენი ელჩების დაბარება დაიწყეს კონკრეტულმა სახელმწიფოებმა ერთგვარი დემარშით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მესამედ წარვადგინეთ გაეროს სისტემაში კანდიდატურა. პირველი პრეცედენტია ასეთი, რაც გვითხრეს გაეროს სისტემაში 2-ზე მეტად არ ხდება, ასეთ ხელმძღვანელ პოზიციებზე კანდიდატების არჩევა, ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი... ერთი ეს იყო მიზეზი - რატომ მესამედ, როცა ამის პრეცედენტი არ ყოფილა და ითვლება, რომ არაა მაინცდამაინც დემოკრატიული, როცა ასეთ პოზიციაზე მესამედ ხდება ერთი და იგივე კანდიდატის წარდგენა და იყო დამატებით სხვა მიზეზები, რაშიც არ მინდა, შევიდე. ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, ამ მესიჯმა დაადასტურა მყარად ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით", - თქვა მან TV იმედის ეთერში.

***

ზურაბ პოლოლიკაშვილმა ფორმულას გამოუგზავნა წერილი, რომელშიც ამბობს, რომ გადაწყვეტილება მასთან შეთანხმებული არ იყო.

"ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგერთვებით. მანამდე ის, რომ ეს ჩემი სურვილი იყო ან შეთანხმებული ჩემთან, არის დიდი ტყუილი. კარგი იქნება, თუ კობახიძე ახსნის რატომ გააკეთა ეს... 3 კვირაა და მეტი ვწერ, ვურეკავ და იმალება, გამოვიდეს და თქვას რაში გაცვალა ჩემი კანდიდატურა! მე არ წარმოვადგენ არც deep states და არც გლობალურ ომის პარტიას - მე ვარ ქართველი გაეროს მსოფლიო ტურიზმის გენერალური მდივანი“, - ნათქვამია წერილში.

მანამდე, ქართული ოცნების მთავრობამ დაადასტურა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა, რომელიც თავად წარადგინა, უკან გაიწვია.

ამასთან, განცხადებაში დადასტურებულია ისიც, რომ საქართველო მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.

13 მაისს The Diplomat-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობამ, შესაძლოა, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის მესამე ვადით არჩევას მხარი არ დაუჭიროს და მის ნაცვლად, მხარდაჭერა გამოუცხადოს გაერთიანებული საამიროების კანდიდატს - შეიხა ალ ნოვაისს.

The Diplomat აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯმა საერთაშორისო ტურიზმის საზოგადოებაში სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, რადგან, აღქმული იქნა, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სტრატეგიული შეთანხმების ნიშანი.

ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობას მაშინაც იკავებდა, როდესაც ასამბლეამ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 2022 წელს, მისი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.