კობახიძე მშვილდაძის საქმეზე: შეიძლება დაემთხვა, რომ იქ სუს-ის თანამშრომელი იყო

კობახიძე მშვილდაძის საქმეზე: შეიძლება დაემთხვა, რომ იქ სუს-ის თანამშრომელი იყო

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის აზრით, დამთხვევაა, რომ სუს-ის თანამშრომელი, გიორგი მუმლაძე მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის დროს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა.

"თქვენ ამტკიცებთ აბსურდს. უამრავი ადამიანი ტრიალებს საჯარო სივრცეში, მათ შორის შეიძლება დაემთხვეს, რომ იქ იყო სუს-ის თანამშრომელი, პოლიციის თანამშრომელი, შეიძლება ჯარისკაცი იყოს. ეს ადამიანი [გიორგი მუმლაძე] ამბობს, რომ კონკრეტულ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. შეგიძლიათ სხვა ვერსიები განავითაროთ, რისთვისაც არ გაქვთ არანაირი ხელმოსაჭიდი საფუძველი", - ამბობს კობახიძე.

ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

28 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა დაწერა, რომ 27 ივნისს ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს ის დაესხა. ამავე დღეს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. 29 ივნისს, კი მიშა მშვილდაძეს მასზე თავდასხმიდან მესამე დღეს დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა.

5 ივლისს, ფორმულამ გაარკვია, რომ მიშა მშვილდაძეზე ორგანიზებული თავდასხმის ერთ-ერთი ფიგურანტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი გიორგი მუმლაძეა.