კობახიძე "მგზავრების" კონცერტის გაუქმებაზეც გლობალური ომის პარტიას ახსენებს

კობახიძე "მგზავრების" კონცერტის გაუქმებაზეც გლობალური ომის პარტიას ახსენებს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მუსიკალურ ჯგუფ "მგზავრების" მიერ კონცერტის გაუქმებაზე საუბრის დროსაც გლობალური ომის პარტიას ახსენებს. კობახიძემ კონცერტის გაუქმება ქართული ოცნების პროპაგანდისტულ ნარატივს, "ლიბერალურ ფაშიზმს" დაუკავშირა.

"მე ორი თვის წინ მოვისმინე რობერტ ფიცოს 10-წუთიანი ვიდეომიმართვა მას შემდეგ, რაც პირველად გამოვიდა საავადმყოფოდან თავდასხმის შემდეგ და ის ყვებოდა, როგორია ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება სლოვაკეთში. 10-წუთიანი ვიდეომიმართვა ასახავს ზუსტად იმ რეალობას, რაც არის საქართველოში. ეს რას ნიშნავს, რომ ლიბერალური ფაშიზმის გამოვლინება ზუსტად იდენტურია სლოვაკეთსა და საქართველოში. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ახალი მიმდინარეობა და იდეოლოგია არის კოორდინირებული გლობალურ დონეზე იმ ძალების მიერ, რომელთაც ჩვენ ვეძახით გლობალურ ომის პარტიას. ამ შემთხვევაში ვიხილეთ მორიგი ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე. ეს, რა თქმა უნდა, არ ამართლებთ მათ, მაგრამ გარკვეულწილად შეიძლება ახსნა მოუძებნოთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ მიიღეს. ძალიან მძაფრია ხოლმე ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმები. ამას აქვს ახსნა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს", - თქვა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

***

ჯგუფმა მგზავრებმა თბილისის მერიის მიერ დაორგანიზებული კონცერტი გააუქმა: "მივმართავთ ჩვენს გულშემატკივარს, კონცერტი გაუქმებულია. საქართველოს მომავალი ევროპაშია", - დაწერა ჯგუფმა.

აღსანიშნავია, რომ 20 ოქტომბერს მერია ზღვისუბნის პარკს ხსნის და მოსახლეობას კონცერტზე ეპატიჟება - გახსნა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად დაიგეგმა. კერძოდ, "საქართველო ირჩევს ევროკავშირს" - 20 ოქტომბერს თბილისში, 19:00 საათზე 4 ლოკაციიდან თავისუფლების მოედნამდე მარში გაიმართება.