ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ახალმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა არასამთავრობო ორგანიზაციები ბულინგში ამხილა. მიუხედავად იმისა, რომ იოსელიანს ბულინგზე საუბრისას არასამთავრობო ორგანიზაციები არ უხსენებია, კობახიძე ამას მაინც NGO-ებს უკავშირებს.
კობახიძის აზრით, NGO-ებმა იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის "აგენტი, ჯაშუში და ვერ დაიქვემდებარებდნენ ისე მარტივად, როგორც ნინო ლომჯარია". კობახიძეს "ღრმად სწამს", რომ იოსელიანი არასდროს გახდება ნინო ლომჯარია.
"სჯობს, კომენტარი გააკეთოს თავად ლევან იოსელიანმა, რომელმაც ამხილა კონკრეტული NGO-ები ბულინგში, რომელიც წარმოებდა 3 დეპუტატი ქალის მიმართ. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ესენი იყვნენ ის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც იოსელიანის არჩევისთანავე გამოაქვეყნეს ნეგატიური განცხადება მის არჩევასთან დაკავშირებით. ეს იყო დაახლოებით 10-15 NGO, ეს არის ყველაზე მდიდარი NGO-ები, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე რადიკალური ქმედებებით, ისინი არიან რადიკალური ოპოზიციის უბრალოდ შემადგენელი ნაწილი.
მიზეზი არის ერთი - მათ იფიქრეს, რომ ლევან იოსელიანი არ არის აგენტი, ჯაშუში, აქედან გამომდინარე, გაუჭირდებოდათ ლევან იოსელიანის დაქვემდებარება ისე, როგორც დაიქვემდებარეს მარტივად, თავის დროზე, ნინო ლომჯარია. ლევან იოსელიანი არასდროს არ გახდება ნინო ლომჯარია, მე ამის ღრმად მწამს. ამის ეშინოდათ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც უნდოდათ აგენტი და ჯაშუში ამ თანამდებობაზე", - ამბობს კობახიძე.
7 მარტს სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ ლევან იოსელიანმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა 3 ქალს დეპუტატს: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძესა და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც მისი თქმით, "ერთი კვირის მანძილზე უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ არ მიეცათ იოსელიანისთვის ხმა". იოსელიანის თქმით, ეს იყო მათ მიმართ განხორციელებული ბულინგი.
ბულინგის თემაზე კომენტარი გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც გააკეთა. მან რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ რუსულ კანონთან დაკავშირებით დეპუტატებზე, რომლებიც კანონპროექტს მხარს უჭერდნენ, იყო ბულინგი. პაპუაშვილმა ამავე კონტექსტში მოიხსენია სახალხო დამცველის არჩევაც.
"უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ბულინგი ზღვარგადასული და კარგი მაგალითი და ვიზუალიზაცია ამის არის ომბუდსმენის არჩევა. თქვენ იცით, რომ არჩეულმა ომბუდსმენმა მადლობა გადაუხადა სამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატს იმისთვის, რომ მათ ერთ კვირიან წნეხს გაუძლეს და საკუთარი გადაწყვეტილებით მისცეს ხმა", - თქვა პაპუაშვილმა ღამის კურიერის ეთერში.